IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გნოსტიციზმი
bakuri
post Jul 26 2018, 11:02 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 12-June 18
Member No.: 7,754

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გნოსტიციზმი (ბერძ. შემმეცნებელი) - აღმოსავლურ მითოლოგიაზე დაფუძნებული გვიანდელ ანტიკურ რელიგიურ მიმდინარეობათა ზოგიერთი ადრინდელი ქრისტიანული ერეტიკული მოძღვრებისა და სექტის სახელი. ყველაზე დიდ განვითარებას გნოსტიციზმმა II ს-ში მიაღწია. გნოსტიციზმის თანახმად სული დაცემულია უმდაბლესი ღვთაების - დემიურგის მიერ შექმნილ მატერიალურ სამყაროში. მატერიას კი გნოსტიციზმი განიხილავს ბოროტ საწყისად, ცოდვების წყაროდ, რომელიც უნდა გადაილახოს. მისი წარმოდგენით სამყაროში საფეხურები ანუ სფეროები არსებობს. მათ დემონები განაგებენ, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანთა ხსნას. II ს-ში ქრისტიანობამ საბოლოოდ დაამარცხა გნოსტიციზმი.
გნოსტიციზმი ესაა თავისი არსით ფაქტობრივად დამოუკიდებელი რელიგია და არა საკუთრივ ქრისტიანული ერესი. ერესი ეკლესიური სწავლებითა და ზოგადი გაგებით ნებისმიერ მოძღვრებას და აღმსარებლობას ეწოდება, რაც კი არამართლმადიდებლურია, განურჩევლად იმისა რომელიმე სარწმუნოება შედარებით უფრო ახლოს იქნება ქრისტიანობასთან თუ შედარებით შორს. ე.ი. საკუთრივ ქრისტიანობასთან დაკავშირებული გაუკუღმართებანიც ერესია, ამ ტერმინის ზოგადი მნიშვნელობით. თუნდაც ანტიკური სწავლებანიც, აგრეთვე ისეთი სარწმუნოებანიც, რომლებიც უკავშირდება ინდურ, ეგვიპტურ, ბაბილონურ ქვეყნებს, თუნდაც მომთაბარე ტომების ანიმისტურ შეხედულებებს და სხვა. აბსოლუტურად ყველა ის აზრი, რასაც კი სწავლებისა და მოძღვრების სახე აქვს და სისტემურობას ქმნის მეტნაკლებად, ყველა მათგანი ერესია ეკლესიური სწავლების მიხედვით, რამდენადაც ორი ჭეშმარიტი სწავლება შეუძლებელია არსებობდეს. მართლმადიდებლისთვის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი მხოლოდ მართლმადიდებლური მოძღვრებაა, ხოლო ამის მიღმა, როგორც სისტემა, ნებისმიერი მსოფლმხედველობა არის ერესი. მაგრამ ერესის ვიწრო მნიშვნელობაც გამოიყოფა საკუთრივ ქრისტიანობასთან დაკავშირებული გაუკუღმართებული ცრუ სწავლებების მიმართ. და როდესაც ჩვენ გნოსტიციზმზე ვსაუბრობთ შეიძლება ერთი შეხედვით ის ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ერესად მოგვეჩვენოს, რადგანაც გნოსტიკოსები ქრისტიანობას, საკუთრივ მაცხოვრის, ქრისტეს სახელს, ხშირად იშველიებდნენ, ნიღბად იფარებდნენ და თითქოსდა ქრისტიანულ მოძღვრებად საკუთარ შეხედულებებს წარმოაჩენდნენ. მაგრამ როგორც სპეციალური კვლევა-ძიებანი, მრავალი და მრავალი ღირსეული მეცნიერისა, სავსებით თვალსაჩინოდ ადასტურებს, გნოსტიციზმი მხოლოდ რაღაც შორეული, ყველაზე უფრო უზოგადესი საფარველითა და ნიღბით შეიძლება დავაკავშიროთ ქრისტიანობასთან, აბსოლუტურად ფორმალურად. შინაარსით მოძღვრების მიხედვით იგი დიამეტრულად და ყველა შტრიხში განეშორება და განესხვავება ქრისტიანულ მოძღვრებას და დღეისათვის უკვე ბევრს საუბრობენ გნოსტიციზმზე, როგორც იმგვარად ცალკე მდგომ რელიგიაზე, როგორიც არის თუნდაც ისლამი, მანიქეიზმი, ბუდიზმი და სხვა სარწმუნოებანი. მართლაც ორიოდე სიტყვითაც, რომ ჩვენ მისი მოძღვრება გადმოვცეთ (ადრე უფრო ვრცლად გადმოვეცით და ეხლა მხოლოდ შეჯამებულად გადმოვცემთ) ეს გადმოცემაც თვალსაჩინოს გახდის გნოსტიციზმის, როგორც მოძღვრების, სრულ გაუცხოებას საეკლესიო სწავლებისგან.

პირველი და არსებითი შტრიხი გნოსტიციზმისა, როგორც მოძღვრებისა, ესაა სწავლება ზეციურ ძალთა იერარქიული ურთიერთშობადობების შესახებ. ყველა გნოსტიკურ სექტას ახასიათებს სწავლება ზეციურ სამყაროში იერარქიული ურთიერთშობადობების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ერთი უზენაესი საწყისი (ზოგჯერ საწყისი ორია - მდედრობითი და მამრობითი, ანდა ერთია - მხოლოდ მამრობითი), რომლისგანაც იშვება მდედრობითი ძალა, მათი თანამოქმედებით უფრო ქვემორე ძალები, ამ ქვემორე ძალთაგან კიდევ უფრო ქვემორე ძალები, შემდგომ კვლავ უფრო ქვემორე ძალები და ასე გრძელდება ეს შობადობანი, ვიდრე ზეციური სამყარო თავის თავში ყოვლად სრული არ წარმოჩნდება ანუ არ შეიქმნება ზეციური სისავსე, ზეციურ ძალთა სავსება ანუ ბერძნულად “პლერომა”. მოძღვრება “პლერომას” შესახებ, კვლავ აღვნიშნავთ, გნოსტიციზმის ნიშანდობლივი შტრიხია. ყველაზე უფრო გავრცელებული გნოსტიკური სწავლებით ზეციურ სამყაროში 30 საფეხურია, 30 შობადობაა და ეს საფეხურები და ამ შობადობათა შედეგად წარმოქმნილი არსნი არიან პიროვნულნი, ცოცხალნი, ნებისა და არჩევანის მქონენი. ბოლო ძალა, რომელიც ჩვეულებრივ ხშირად იწოდება, როგორც “პისტი სოფია” (“პისტის” ნიშნავს რწმენას, ხოლო “სოფია” სიბრძნეს), არის დამაბოლოებელი ზეციური შობადობებისა, იმიტომ, რომ რაწამს ის იშვა უფრო აღმატებული ხარისხის ძალისგან, ამით ზეციური სამყარო ყოვლად სრული გახდა და ამიტომ მეტი შობადობა აღარ შეიძლება რომ გაგრძელდეს, მეტი აღარ შეიძლება ვინმე იშვას, რადგანაც ამით “ზეციური პლერომა” თავისი თავისგან გავა. სისავსის გარეთ კი უკვე საპირისპირო მდგომარეობაა, უკვე ნაკლულევანებაა. თუ სისავსე ყოვლად სრულყოფილებაა, ყოვლად სრული მშვენიერებაა, მისი საპირისპირო არის ყოვლადი არასრულობა, სიმახინჯე, ნაკლოვანება და კნინობითობა.

მაგრამ აქ ხდება ასეთი მოვლენა, რომ სოფია, რომელიც იშვა და მისი შობით ზეციური პლერომა დასრულდა, ანუ შობადობანი დასრულდა, არ კმაყოფილდება მხოლოდ საკუთარი თავის შობით. აღიხილავს რა სოფია თავისზე უფრო ზემოთ, იგი ჭვრეტს უშუალოდ თავის მშობელს, თავისი მშობლის მშობელს, უფრო აღმატებულ ძალას და ასე შემდეგ, და ხედავს რა, რომ ყველა ზემორესგან ნაშობი მშვენიერია და მშობელი ამით ნეტარებს, თვით მასაც დაეუფლება მოუთოკავი ჟინი იმისა, რომ მისგანაც იშვას ვინმე და თვითონაც იყოს მშვენიერების საწყისი. ამ დაუოკებელი ჟინით სოფია მართლაც აღასრულებს შობადობას, მაგრამ რადგან ეს შობადობა უკვე სისავსეში აღარ შეიძლება დარჩეს, რადგან სისავსე უკვე აღსრულებულია, მისგან ნაშობი ამ სისავსის, ამ პლერომას გარეთ აღმოჩნდება. ესაა ის ძალა, რომელიც თავის შიგთავსში ფლობს სოფიას ნაწილს ანუ ზეციური პლერომას, ზეციური სისავსის, ჭეშმარიტების და მშვენიერების ნაწილს, მაგრამ თავისთავად სიმახინჯეა. ამ სიმახინჯეს, როგორც პიროვნულ ძალას, პიროვნულ არსებას გნოსტიკოსთა ნაწილი უწოდებს რთულ სახელს “იალდა ბაოთ”-ს. გნოსტიკოსებს საერთოდ სჩვეოდათ ისეთი ტერმინების შემოტანა, რაც მხოლოდ თანხმოვანთა და ხმოვანთა უწესრიგო თავმოყრით იყო ნაკარნახევი და არავითარი ეტიმოლოგია მათ არ გააჩნდათ. ასეთი სიტყვებით, როგორც მაგიური რამ ტერმინებით, ისინი კიდევ უფრო მეტად იმონებდნენ მათ მიმდევრებს. ამ შემთხვევაშიც “იალდა ბაოთი” კონკრეტულად რაიმეს არ ნიშნავს, მაგრამ იგი სახელი გახლავთ, როგორც უკვე ვთქვით, სოფიასგან ნაშობი სიმახინჯისა. პლერომას გარეთ ეს ნაშობი ძალა ყველაზე უფრო ძლიერი, ყველაზე უფრო შემძლე და მძლავრია. მას არ შეუძლია ზეციური პლერომას განჭვრეტა, იმიტომ რომ თვითონ სიმახინჯეა და ამიტომ თავისი თავი ერთადერთი ჰგონია კარგა ხანს ამ სამყაროში და ამით გაამპარტავნებული ამოიძახებს კიდეც: “არ არის სხვა ჩემზე უფრო უდიადესი”. ამ დროისათვის ხდება სოფიასგან დიდი მშფოთვარების გამოვლენა, რადგანაც მან იხილა მისგან ნაშობი და იხილა ისიც თუ რა სიმახინჯე შვა მან. ამასთან მხოლოდ სიმახინჯეში არ არის საქმე, ამ სიმახინჯემ მისი ნაწილი და შესაბამისად მთელი ზეციური სამყაროს ნაწილი მიისაკუთრა, რის გამოც ზეციური სამყარო უკვე აღარ არის პლერომა, იმიტომ, რომ რაღაც ნაწილი ზეციური სამყაროსი ამ პლერომას გარეთ გავიდა და სიმახინჯის მიერ აღმოჩნდა დატყვევებული. შესაბამისად ზეციური სამყარო გნოსტიკური სწავლებით იტანჯება, რადგან დაირღვა ერთობა, ჰარმონია, ზეციური სამყარო დაჭრილია და იგი ამ აგონიასა და ტანჯვაში იქნება მანამ სანამ აღნიშნულ მიტაცებულ ნაწილს უკან არ დაიბრუნებს. რაწამს ეს სიმახინჯე აღმოთქვამს, რომ “მე ვარ ყველაზე უდიადესი ამ სამყაროში”, სწორედ ამ დროს მას მიეცემა წამიერი ცოდნა ზეციური სამყაროს პლერომას შესახებ, გაიხსნება მის თვალთა წინაშე ცა, იხილავს ეს სიმახინჯე იმ მშვენიერებას, რაც მის ზევითაა და მაშინ გახდება შემცნობელიც იმისა, რომ ამ მშვენიერებისა და ზეციური სამყაროს ნაწილი მას მიტაცებული აქვს.

რატომ ვამბობთ და რატომ ვსაუბრობთ გნოსტიკური თეოლოგიის მიხედვით ჩვენ აქ მიტაცებაზე და არა იმაზე, რომ ეს თვით ამ სიმახინჯის არსობრივი ნაწილია? ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზეციური პლერომას ნაწილია, ხოლო ზეციური პლერომა ყოვლადი მშვენიერებაა, უზენაესი სილამაზეა, სიმახინჯის ბუნებითი ნაწილი კი არ შეიძლება მშვენიერება იყოს. ამიტომ ითვლება, რომ ეს შეუთავსებელია სიმახინჯესთან, შეურწყმელი და შეუარსებელია მასთან, ცალკეა გამოყოფილი მისგან და შესაბამისად ტყვეობაშია ამ სიმახინჯის მიერ. შეიცნობს რა ამას იალდა ბაოთი, უფრო მეტად დააფასებს მასში არსებულ და მისგან მიტაცებულ ამ ნაწილს და არანაირად მისი დათმობა აღარ უნდა, იმიტომ, რომ გრძნობს ზეციური სამყაროს, ამ უზენაესი მშვენიერების წინაშე იგი ფასობს სწორედ ამ ნაწილით და თუ ამასაც დაკარგავს იგი იქნება სრულიად უღირსებო, ყველანაირი ღირსებისა და პატივისგან აბსოლუტურად განძარცვული. ამიტომ დაუცხრომელი ჟინით იალდა ბაოთი ცდილობს ამ ნაწილის გადამალვას. ჩვენ აქ ვხედავთ გნოსტიკოსები თუ როგორ მთლიანად გარდათქვამენ და ცვლიან ბიბლიური სწავლების ჭეშმარიტებას, რომ მათთვის იალდა ბაოთი გახლავთ იგივე ძველი აღთქმის ღმერთი. იგებდნენ რა გნოსტიკოსები პირდაპირი და ბუკვალური მნიშვნელობით ძველი აღთქმის გამონათქვამებს - ღმერთი მოშურნე, ღმერთი, რომელმაც კაცობრიობა წარღვნით წარწყმიდა და ათასგვარი რისხვა მოუვლინა მათ და სხვა და სხვა, შესაბამისად პირდაპირი გაგების კვალობაზე გნოსტიკოსები თვლიდნენ, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არის ბოროტი, მოშურნე, ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი, მაცხოვარი, მათი გაგებით თითქოს სხვა ღმერთია, თითქოს ერთი მეორისგან დიამეტრულად ემიჯნება ძველი და ახალი აღთქმა. ეს ყველაფერი გნოსტიკური ცრუ მოძღვრების ნიშნები გახლავთ და ამ მოძღვრების ერთ-ერთი მკვეთრი ნიშანი გახლავთ სწორედ თეოლოგირი თვალსაზრისი ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის მკვეთრი გაყოფა, რომ ძველ აღთქმაში ვლენილი ღმერთი მათი აზრით ბოროტი ღმერთია, ხოლო ახალ აღთქმაში მოვლენილი ღმერთი იმ ბოროტი ღმერთის დამძლევი ძალაა, ეს კეთილი ღმერთი კი გახლავთ იესო ქრისტე. მაგრამ მანამ ვიდრე იესო ქრისტე მოივლინებოდეს, მათი ცრუ სწავლების მიხედვით, იალდა ბაოთი ცდილობს იმ ნაპერწკლის გადამალვას, რაც მასშია, ამიტომ შექმნის ადამს, შემდეგ კი ევას, რომ მათში გაანაწილოს ეს ნაპერწკალი (რადგანაც ერთისგან რომ მოხდეს მიტაცება, მეორეში მაინც დარჩეს) და მათ სამოთხეში (გნოსტიკოსთათვის საპყრობილეში) დაამწყვდევს. მაგრამ ზეციური სამყარო იბრძვის საკუთარი ჭრილობის გასამრთლებელად, მისგან მიტაცებულის უკან დასაბრუნებლად და ამის გამო აგზავნის ერთ-ერთ ზეციურ ძალას, რომელიც გველის სახით მოევლინება ადამსა და ევას, რომლის მიზანდასახულობაც ამ გნოსტიკური განმარტების მიხედვით, გახლავთ ის, რომ ადამი და ევა გამოაფხიზლოს, გაუცნობიეროს მათ, რომ მათში არის უზენაესი სამყაროს ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მათში და რომ თუკი ისინი ამას გააცნობიერებენ მაშინ თვით ისინიც ზეციური სამყაროს ნაწილნი გახდებიან და უკან დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს, ანუ რომ ისინი ბევრად აღმატებულნი არიან იალდა ბაოთზე. ამით შეშინებული იალდა ბაოთი, რომ ნაპერწკლები უკან მიტაცებული არ გახდეს, აძევებს ადამს და ევას სამოთხიდან და კიდევ უფრო ძნელად გასახსნელ და ძნელად შესამუსრავ საპყრობილეში, ქვესკნელში, ამა სოფელში, დაცემულობაში ათავსებს მათ (მთელი კაცობრიობის გენეტიკური ხაზი სწორედ აქ აღსრულდება, ე.ი. აქედან მომდინარეობს). ზეციური სამყარო განაგრძობს ჟამიდან-ჟამად სხვადასხვა ძალის მოვლინებას ამ ქვეყნად, რომ ის ნაპერწკალი გამოხსნილ იქნას და ბოლოს ხდება ყველაზე უფრო აღმატებულის - იესო ქრისტეს, მხსნელის, მოვლინება. მაგრამ ეს უკვე აღარ არის მხსნელი ბიბლიური და მართლმადიდებლური სწავლებით რაც ვიცით და მას ალბათ პირდაპირი მნიშვნელობით მხსნელი არც შეიძლება ეწოდოს, იმიტომ, რომ ეს მხსნელი - იესო ქრისტე გნოსტიკური ცრუ სწავლებით მოდის ფაქტობრივად თავისი თავის გამოსახსნელად, რადგან ის ნაწილი მისი ნაწილიცაა და თუ იმ ნაწილს უკანვე არ მიიტაცებს თვით ისიც დაჭრილია, თვით ისიც გაუმთლიანებელია და ისიც აგონიასა და ტანჯვაშია. ასე რომ მართლმადიდებლური უზენაესი და უაღმატებულესი სწავლებისგან განსხვავებით, იმის შესახებ, რომ უფალმა ყოვლად უშურველად, ყოველგვარი საჭირველის გარეშე საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ცხონებისათვის, რომ თვით მის არსებობას, თავისთავად ცხადია, ეს აბსოლუტურად არაფრით არ შეეწეოდა, რადგან ის ბუნებითი ღმერთია და ყოვლად უჭირველი, რომ მხოლოდ სხვათათვის, მისგან ქმნილთათვის, ადამიანთათვის, დასდო მან თავი, რაც მოყვასისადმი თავდადების უმწვერვალესი და ჭეშმარიტად საღმრთო, ღმრთული გამოვლინება, ამის საპირისპიროდ გნოსტიკოსებს შემოაქვთ ცრუ სწავლება იმგვარი მხსნელის შესახებ, რომელიც მოდის ფაქტობრივად მხოლოდ საკუთარი თავის სახსნელად. ხსნა კი შემდეგნაირად შეიძლება, რომ მან უნდა განჭვრიტოს თუ რომელ ადამიანებშია მემკვიდრეობითად გადაცემული ზეციური სისავსის ნაპერწკლები, შესაბამისად ეს ადამიანები გამოაღვიძოს, გამოაფხიზლოს, გაუცნობიეროს მათ საკუთარი უაღმატებულესი ბუნება, რომ ზეციური სამყაროს შვილნი არიან ისინი ანუ აქციოს ისინი გნოსტიკოსებად (მცოდნეებად) და შესაბამისად ეს ნაპერწკლები, უკლებლივ ყველა, ზეციურ სამყაროს დაუბრუნოს, რომ კვლავ შედგეს ის სისავსე, რაც ზეციურ სამყაროს სოფიასგან აღსრულებულ შობადობამდე ჰქონდა და კვლავ დამყარდეს საღვთო ნეტარება. ესაა გნოსტიკური აზრით იესო ქროსტეს მოვლინების მისია, რასაც ის შეასრულებს. ფაქტობრივად ყველა გნოსტიკოსიც იგივე ქრისტეა, იგივე მხსნელია, იმიტომ, რომ მასაც ეკისრება უკვე ფუნქცია ისიც წავიდეს სხვა და სხვა ადამიანთა შორის და გამოავლინოს და მოიპოვოს ყველა გნოსტიკური მარცვალი და ნაპერწკალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
earth
post Jan 14 2020, 10:42 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,886
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





https://www.youtube.com/watch?v=sazQaCireQo
ძალიან საინტერესო ვიდეო. მომეწონა, ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა რომ ისმის.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th May 2020 - 12:58 AM