IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ეზოთერული სწავლებები 1875 წლიდან დღემდე, აქ იწერება მხოლოდ სტატიებ
Merlin
post Jul 14 2020, 01:13 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვალენტინ ტომბერგი

ელენა ბლავატსკაიას „საიდუმლო დოქტრინა“ და რუდოლფ შტაინერის „იდუმალთმეტყველების ნარკვევი”


ორი მრავლისმომცველი ნაშრომი გამოჩნდა ჩვენი დროის დასავლურ კულტურაში, რომლებიც გადმოსცემენ მთელ ეზოთერულ მსოფლაღქმას: ელენა ბლავატსკაიას “საიდუმლო დოქტრინა” და რუდოლფ შტაინერის „იდუმალთმეტყველების ნარკვევი“. ეს ორი ნაშრომი შეიცავს კოსმოლოგიური ხასიათის ცნობებს, რომლებიც ღირებულია მათი ჭეშმარიტი გამოცხადებების გამო. მრავალ სიმბოლისტური შინაარსის ნაწერთა შორის, რომლებშიც ვხვდებით ნახევრად ბუნდოვან ნახევარ სიმართლეებს (იქნება ეს თეორიულ კაბალისტური თუ მისტიკურ-ლირიკული გადმოცემები) ეს ორი წიგნი შეიცავს მსოფლაღქმის მეტნაკლებად სრულ სურათებს, აქამდე სრულიად უცნობს საზოგადოებისთვის. სიმართლე, რომელიც უნდა ვაღიაროთ, მდგომარეობს იმაში, რომ ვერცერთი ცნობილი თეოსოფისტური თუ კაბალისტური ნაშრომი ვერ შეედრება მათ ობიექტური ღირებულებით, რადგან ოკულტური ლიტერატურის არცერთი წიგნი არ სთავაზობს მკითხველს იმდენს, რამდენსაც ისინი.

თუ ჩვენ ამ ორ ნაშრომს ფუნდამენტური მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, მაშინ იბადება კითხვა: როგორ დამოკიდებულებაში არიან ისინი ერთმანეთთან? არის მათ შორის პრინციპული სხვაობა, ან თუნდაც წინააღმდეგობა; თუ „იდუმალთმეტყველების ნარკვევი“ უნდა განვიხილოთ უბრალოდ, როგორც ადრინდელი „საიდუმლო დოქტრინის“ დამატებად ან დასრულებად?

მოდით, თავდაპირველად განვიხილოთ „საიდუმლო დოქტრინა“. ეს არის ორტომიანი ნაშრომი (მესამე ტომი გამოჩნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ [მესამე ტომისა და ზოგადად სამტომიანი გამოცემების შესახებ აუცილებელ ცნობებს შემდგომში მოგაწვდით]), რომელიც აღწერს სამყაროსა და კაცობრიობის დაბადებას და განიხილავს ამ საკითხთან დაკავშირებულ გაბატონებულ ფილოსოფიურ, რელიგიურ და მეცნიერულ თეორიებს. ის შეიცავს სამყაროს შექმნისა და კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიის უამრავი საიდუმლოს ახსნას, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ახსნები გადმოცემულია ცვალებადი და ქაოტური სტილით, მათ შინაარსს აქვს ღირებულება. კოსმოსის წარმოქმნა წარმოდგენილია, როგორც თავდაპირველი არსის სუნთქვის პროცესი. არსებათა შესუნთქვა და გამოსუნთქვა - ესაა ორი ფუნდამენტური ტენდენცია, რომელიც არსებობს მთელი კოსმოსის მოვლენებში. გამოსუნთქვისას წარმოიშვება მატერია, შესუნთქვისას სული ამჟღავნებს თავის თავს [იგულისხმება მატერიალიზაციისა და დემატერიალიზაციის ციკლური პროცესი]. შესაბამისად, არსებობს ორმხრივი კოსმიური „იდეოლოგია“: „იდეოლოგია” შემოქმედთა, რომლებიც ეთანხმებიან კოსმიურ ევოლუციას, და „იდეოლოგია“ არსებებისა, რომლებიც უარყოფენ მატერიალურ შემოქმედებას. ბრძოლა ამ „იდეოლოგიებს“ შორის მიმდინარეობს როგორც დედამიწაზე, ისე ზეცაში. ზეცაში ესაა ბრძოლა დადებით და უარყოფით ღმერთებს შორის, ხოლო დედამიწაზე - ბრძოლა სულებისა, რომლებიც მიყვებიან „მთვარის გზას“ (ჩანდრავანკა), იმ სულების წინააღმდეგ, რომლებიც მიდიან „მზის გზით“ (სურიავანკა). მთვარე არის კოსმიური თავმოყრის ადგილი მატერიალიზების მსოფლიო ნაკადისა; ხოლო მზე - განსულიერების ნაკადის. დროის განსაზღვრულ პერიოდში აუცილებელი გახდა, ეს ორი ნაკადი შეერთებულიყო კოსმიური ევოლუციის კონკრეტულ წერტილში. ეს მოვლენა, მისი მიზეზები და შედეგები, წარმოადგენენ უღრმეს მისტერიას და ბლავატსკაიას მთელი ნაშრომი სწორედ ამ მისტერიისკენაა მიმართული. ყველაფერი რაც დეტალურადაა გადმოცემული „საიდუმლო დოქტრინაში“, საბოლოვო ჯამში, მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს ცოდვით დაცემის მისტერიას. „საიდუმლო დოქტრინა“, მიუხედავად მისი აზრების გადმოცემის არაცხადი და არამდგრადი სტილისა, გამოკვეთილად ცენტრირებული ნაშრომია. ის ორიენტირებულია ერთი წერტილისკენ: კაცობრიობის განსხეულებისა და სქესებად დაყოფის მოვლენისაკენ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლემურიის ეპოქის შუა პერიოდში. ამ მოვლენის გზით მზისა და მთვარის ოპოზიცია ჩაერთო კაცობრიობის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, აღმოცენდა ადამიანის ინტელექტი - მზის ბუნება მასში; ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანი დაექვემდებარა სექსის/სქესობრიობის წყევლას - მთვარის ბუნებას მასში. ამ ფაქტის აღიარებას მივყავართ პრაქტიკულ დასკვნამდე: კაცობრიობის მიზანია, მიაღწიოს მზის ბუნების გამარჯვებას მთვარისაზე. ადამიანის ფიზიკური გამრავლება უნდა შეწყდეს, კაცობრიობა უნდა დაუბრუნდეს განსულიერებულ მდგომარეობას, ისეთს, როგორიც იყო მისი ყოფა დაცემამდე, თუმცა ამასთანავე შეინარჩუნოს ინტელექტი, რომელიც მოპოვებულ იქნა დაცემის გზით.

ამდენად, სამშვინველის განწყობა, რომელიც მოყვება „საიდუმლო დოქტრინაში“ წარმოდგენილ მსოფლიო სურათს არის ერთპოლუსიანი. ადამიანი ცნობს დუალობას კოსმოსში და საკუთარ თავში და თავის თავს გადაჭრით აყენებს აღიარებული პოლარობის ერთ მხარეს. თავად ავტორის მთლიანი შინაგანი პოზიციაც ამგვარი ბუნებისაა. მისთვის სექსი არამხოლოდ ისაა, რასაც სული უნდა ებრძოლოს, არამედ დასავლეთი არის კაცობრიობის კულტურის დაბალი პოლუსი, რომელსაც უნდა ებრძოლოს აღმოსავლეთი. რადგან, როდესაც მხოლოდ ორი ტენდენცია არსებობს - ზემოთ სულისკენ და ქვემოთ მატერიისკენ - მაშინ დასავლეთი გამოდის მხარე, სადაც ბნელისკენ მიმართული ნაკადია გაბატონებული, ხოლო აღმოსავლეთი - სადაც სინათლით სავსე ნაკადი ბატონობს. ამასთანავე, კულტურული ევოლუციის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ დასავლური სიბნელე უნდა გადალახოს აღმოსავლურმა სინათლემ - თუმცა ამ პროცესში უნდა შენარჩუნდეს დასავლური ინტელექტი.

ამ ცალმხრივობას მოყვება საკმაოდ განსაზღვრული მორალური პოზიციაც. რადგან „საიდუმლო დოქტრინა“ არჩევს მხოლოდ ზემოთასა და ქვემოთას შორის ოპოზიციას, კონცეფციები კარგისა (რომელსაც ღირს, რომ მივყვეთ) და ბოროტისა (რომელსაც უნდა ვებრძოლოთ) ხდება სინონიმები შესაბამისად სულიერი სწრაფვისა და მიწიერი სწრაფვის კონცეფციებისა. ის, რაც ათავისუფლებს ადამიანს დედამიწისგან, არის ის, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ, ხოლო იმას, რაც მას დედამიწაზე აბავს, უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ მორალური კითხვა: შეიძლება თუ არა იყოს ბოროტების ელემენტი სულიერ სწრაფვაში, ან გარკვეული სიკეთე - მატერიალურში? - უცხოა „საიდუმლო დოქტრინისათვის“. ასე რომ, ნამდვილად გასაგებია, თუ რატომ განიხილავს „საიდუმლო დოქტრინა“ ლუციფერს კაცობრიობის ლიდერად, ხოლო იაჰვეს, მთვარის ღმერთს, გამრავლების სურვილის ბნელ ძალად. „საიდუმლო დოქტრინა“ ხედავს მხოლოდ ლუციფერისა და არიმანის ანტითეზას. ავტორი განსაზღვრულად იზიარებს ლუციფერული პრინციპის თვალსაზრისს, ხოლო არიმანულს მთელი თავისი მგზნებარე ენერგიით ებრძვის. თუმცა ტრადიციული იდეები ერთი მხრივ იაჰვესი, ხოლო მეორეს მხრივ ქრისტესი, ძნელად თუ თავსდება ამ პოლარობაში. სამყაროს ასეთი დუალისტური წარმოდგენის შემთხვევაში იაჰვე უნდა განგვეხილა არიმანულ არსებად, ხოლო ქრისტე - ლუციფერულად. მაგრამ, თუ ამ გზით წავალთ, სისხლის საიდუმლო, ძველი აღთქმის ცენტრალური მისტერია, გაუბარი რჩება, ისევე როგორც ახალი აღთქმის მთავარი საიდუმლო - გოლგოთას მისტერია დარჩა მადამ ბლავატსკაიას წვდომის მიღმა. სიყვარულის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერიდან და ებრძვის ინდივიდუალურ ეგოიზმს საკუთარი მშობლების, შვილებისა და ძმების სიყვარულის გზით, შეუძლებელია აიხსნას არიმანული იაჰვეს იდეით. ისევე, როგორც შეუძლებელია გოლგოთას მისტერიის, როგორც დედამიწის მისტერიის, სიღრმის ჩაწვდომა, როდესაც ქრისტეს არსი წარმოდგენილია ლუციფერული სახით. თუ ჩვენ გავიაზრებთ იესო ქრისტეს, როგორც უბრალოდ მაღალი სამყაროს მოწმეს და მაუწყებელს, ამ თვალსაზრისიდან ვერ გავიგებთ სულიერი სიცოცხლის დედამიწის ყოფიერებაში ჩამოტანის მისტერიას. გოლგოთას მისტერიის მაგიური მნიშვნელობა, მისი ყველაზე სასიცოცხლო მნიშვნელობის ასპექტი, დაფარული რჩება გააზრების ასეთი ფორმისათვის. მადამ ბლავატსკაია ქრისტეს ხედავს, როგორც მხოლოდ ზემოთ წამყვან ძალას, ხოლო ის, რომ ქრისტე სულიერ ძალთა უდიადესი ჩამომტანია, დამალული რჩება მისთვის. მას არ აქვს წვდომა იმისა, თუ რა არის არსობრივი ქრისტიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბლავატსკაია ნამდვილად ლაპარაკობს ქრისტიანულ ეზოთერიკაზე, აქ მხოლოდ იმ ძველ ეზოთერიკას გულისხმობს, რომელიც არსებობს ქრისტიანობაში. იმის შესახებ კი, თუ რა არის მასში ახალი, რაც სამყაროში დაიბადა ქრისტიანობის, როგორც მისტიური ფაქტის გზით, „საიდუმლო დოქტრინას“ არაფერი აქვს სათქმელი.

ის, რაც ახალია ქრისტიანობაში, როგორც კოსმიური მოვლენა, დგას ცენტრალური სვეტის სახით რუდოლფ შტაინერის „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“. ისევე როგორც „საიდუმლო დოქტრინაა“ ორიენტირებული ერთი წერტილისკენ, კონკრეტულად კი ცოდვით დაცემისაკენ, ასევე „იდუმალთმეტყველების ნარკვევს“ აქვს გოლგოთას მისტერია იმ ცენტრალურ წერტილად, რომელისკენაცაა ყველაფერი ორიენტირებული. „საიდუმლო დოქტრინას“ მიზანია იყოს ინსტრუმენტი, რომლის გზითაც ხალხს შეეძლება ისწავლოს სქესებად დაყოფის მოვლენისა (ლემურიის ეპოქის შუა პერიოდიში) და იმის შესახებ, რაც მას მოჰყვა და ამ ცოდნიდან გამოიტანოს გარკვეული დასკვნები. ხოლო „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ ამოცანაა, იყოს მსგავსი ინსტრუმენტი გოლგოთას მისტერიასთან მიმართებაში, რომელიც აღსრულდა მეხუთე პოსტ-ატლანტიდური ეპოქის შუა პერიოდში.

ამ ფაქტიდან გამომდინარეობს რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვანი: „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ ეფექტი მკითხველის, პირველ რიგში, აზროვნებაზე და შემდეგ ნებელობაზე (რადგან აზროვნება ადრე თუ გვიან ნებელობად გარდაიქმნება) არის ძალიან განსხვავებული „საიდუმლო დოქტრინის“ ეფექტისაგან. ეს უკანასკნელი მკითხველს აყენებს არჩევანის წინაშე: ან სული, ან მატერია. ამ არჩევანის პრაქტიკული შედეგები ეწინააღდეგება ევროპელი ხალხის შინაგან წყობას, რადგან რეალურად მათ არ აქვთ მიდრეკილება ცალმხირვობისაკენ. მადამ ბლავატსკაიამ იცის ეს და ის არაერთგზის გვაფრთხილებს პრაქტიკულ ოკულტიზმთან დაკავშირებით: ევროპელისთვის თეორია საკმარისი უნდა იყოს, რადგან ის ნაკლებად არის მომართული იმისკენ, რასაც ბლავატსკაია ნამდვილ პრაქტიკულ ოკულტიზმს ეძახის, ანუ ის ოკულტიზმი, რომელიც შესაბამისობაშია „საიდუმლო დოქტრინის“ თეორიასთან. მხოლოდ აზიაშია შესაძლებელი პრაქტიკაში დაინერგოს ზემოთ ნახსენები „ან ეს, ან ის“ მიდგომა დამაკმაყოფილებელი ხარისხით.

ამ მიზეზის გამო, საიდუმლო დოქტრინა არ შეიცავს ხელდასხმის გზის აღწერას ისეთი ფორმით, რომ პრაქტიკაში დანერგვისათვის იყოს გამიზნული. მადამ ბლავატსკაია, ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა ადგილებში, ცდილობს აჩვენოს ევროპელ მკითხველს, რამდენად უიმედოა მისთვის აღმოსავლური ოკულტიზმის გზას დადგომა. ამისათვის პირველ ნაბიჯად საჭირო იქნებოდა, უარი ეთქვა მას მთელი თავისი ევროპული ბუნებისათვის, რადგანაც ის, როგორც ასეთი, არის დაბრკოლება.

იმის გამო, რომ „საიდუმლო დოქტრინა“ გარდა თეორიული მონიზმისა, შეიცავს პრაქტიკულ დუალიზმს, მას არ შეუძლია შესთავაზოს გზა ევროპელებს. „იდუმალთმეტყველების ნარკვევი“ კი შეიცავს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ მონიზმსაც. ამიტომაც მისი პრაქტიკული შედეგები განხორციელებადია ევროპელი ადამიანებისათვის. წიგნი შეიცავს ხელდასხმის პირობების, მეთოდებისა და გამოცდების დეტალურ აღწერას. ამ გზას შეიძლება გაყვეს ნებისმიერი კეთილი ნების ადამიანი, რადგანაც ის არის შესაფერისი ევროპელი ადამიანების ბუნებასთან.

“პრაქტიკული მონიზმი“ - მონისტური მიდგომა - „არამხოლოდ - არამედ“, ნაცვლად დუალისტური „ან ეს, ან ის“ მიდგომისა, არის რეალურად ქრისტეს იმპულსი, რაც წარმოადგენს „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ ცენტრალურ მნიშვნელობას. ამ წიგნის უმთავრესი ამოცანაა, ჩვენი დროის შემეცნებისთვის გასაგები გახადოს ქრისტეს იმპულსის კოსმიური ქმნადობა, როგორც გოლგოთას მისტერიამდე, ისე მის შემდეგ. „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“ მკითხველს ხვდება არა დუალობა, არამედ სამმაგობა. ის ეტაპობრივად სწავლობს, რომ გარდა სინათლისა და სიკვდილის მისტერიებისა, არსებობს მესამე უფრო დიადი - სიცოცხლის მისტერია იმ ნათლისა, ვინც გაიარა სიკვდილი. ის ასევე იგებს, რომ როგორც სულიერებისკენ სწრაფვა შეიძლება იყოს ეგოისტური, ასევე შესაძლოა დედამიწის სამყაროში დაღმასვლა იყოს დაცლილი ეგოიზმისგან; აგრეთვე სწავლობს, დაინახოს არამხოლოდ ბოროტება ქვემოთ და სიკეთე ზემოთ, არამედ პირიქითაც - ბოროტება ზემოთ და სიკეთე ქვემოთ. ის სწავლობს, გამოარჩიოს სინათლეში ელოჰიმის სისავსე ლუციფერის ბრწყინვალებისგან, ხოლო სიბნელეში - იაჰვეს ვერცხლისფერი ნათება არიმანის ცივი და მომაკვდინებელი სუნთქვისაგან; და რომ, როგორც შვიდფერა ცისარტყელა, მოელვარე ქრისტეს იმპულსი ხიდად იდება სინათლესა და წყვდიადს შორის არსებულ უფსკრულზე.

ეს “შვიდფერა ცისარტყელა” არის იმპულსი და შესაძლებლობა იმ თვალსაზრისისათვის, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ “პრაქტიკული მონიზმი”. ის ერთმანეთთან აკავშირებს ორ საპირისპირო ძალას - სინათლესა და სიბნელეს - და ამით ქმნის მესამეს. ცოდნა და მოქმედება უკავშირდება ერთმანეთს კოსმიური სიყვარულის პრინციპით და ეს ცოდნის ქმედებაშად ტრანსფორმაციას ხდის შესაძლებელს. ამით გასაგები ხდება ხელდასხმის გზის აღწერის გამოქვეყნების აზრი „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“. ამ წიგნში ცენტრალური ადგილი რომ არ ჰქონდეს დათმობილი ქრისტეს იმპულსს, ის ვერ შესთავაზებდა თანამედროვე კულტურის ადამიანებს პრაქტიკულად გასავლელ გზას. მასში ისე, როგორც „საიდუმლო დოქტრინაში“, მხოლოდ მსოფლაღქმის ასპექტები იქნებოდა მოცემული. უაზრობა იქნებოდა საზოგადოებისთვის ისეთი გზის შეთავაზება, რომლის გავლაც მხოლოდ გარკვეული მიდრეკილებების ადამიანებისთვისაა შესაძლებელი: ადამიანებისთვის, რომლებიც ისევე ცალმხრივად არიან დაჯილდოვებულნი სულიერი ცხოვრების უნარით, როგორც, მაგალითად, მოვაჭრე - მატერიალური ცხოვრების უნარით. მაგრამ გზა აღწერილი „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“ შესაძლებელია გაიაროს ნებისმიერმა, რადგან ის უკავშირდება ადამიანში იმას, რაც მიისწრაფვის ქვენასი და ბნელის ამაღლებულად, სინათლედ გარდაქმნისაკენ. ამ გზაზე ადამიანური ბუნების ორივე პოლარობა არის გათვალისწინებული. რაც უნდა გარდაიქმნას აქ ისეთივე ღირებულადაა მიჩნეული, როგორც ის, რაც უკვე გარდაიქმნა.

ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, როზენკროიცერული ტრანსფორმაციის ეს გზა, არის პირდაპირი შედეგი ქრისტეს იმპულსის კოსმიური ქმედებების შესახებ ცოდნისა. მაშინ როცა, ქრისტეს იმპულსის ცოდნის არარსებობა ოკულტურ ნაკადში - რაოდენ წმინდა და ძველიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებლს ხდის ევროპელი ადამიანებისთვის ამ გზაზე გავლას, გზაზე, რომელსაც შეეძლო რეალური პროგრესისაკენ გაძღოლოდა მათ.

ოკულტურ ნაწერებში, როგორებიც არის ჩვენს მიერ აქ შედარებული ორი ნაშრომი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ არამხოლოდ მასში მოთხრობილის ჭეშმარიტების შესახებ, არამედ იმის შესახებაც, თუ რამდენად სრულია ეს ჭეშმარიტება. რადგან არასრულ ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანის მთელი პრაქტიკული სწრაფვა ჩიხში შეიყვანოს. ამიტომ როდესაც განვიხილავთ ოკულტურ ნაწერებს, ჩვენ უნდა ვიკითხოთ: რა გამომდინარეობს მათგან ჩვენი ცხოვრებისათვის? ამ კითხვის დასმით, ადამიანი მიდის გარკვეულ პასუხებამდე იმ წიგნებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა განვიხილეთ: კონკრეტულად კი იქამდე, რომ ევროპელს მხოლოდ მცირედი დოზით შეუძლია „საიდუმლო დოქტრინა“ შეიტანოს საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ როდესაც „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ გზით ცხოვრების მიზნები იხსნება მისთვის.


თარგმნის წყარო:
https://southerncrossreview.org/57/tomberg.htm


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th April 2024 - 09:14 AM