Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მითოლოგია _ მითიური არსებები საქართველოში

Posted by: tikoroma May 1 2020, 04:45 PM

ხალხური რწმენით მარტო ტყესა და ხეს კი არა, არამედ მინდორსა და ყვავილებსაც თავისი მფარველი ჰყავდა. კახეთში იგი "მინდორთ ბატონად" და მის ასულად ჰყავთ წარმოდგენილი. "მინდორთ ბატონის ასული "ისეთი ლამაზია და ისეთი სუბუქია, რომ ისეთს ლამაზს და მშვენიერს ვერც ჰანახავს კაცის თვალი და ვერც ინატრებს". ამ ქალიშვილს თავზე "ჩიქილა" ჰხურავს. იგი ჩვეულებრივ "ყვავილებზე დახტის: ხან ერთ ბალახზე შეხტება და დაჯდება, ხან სხვაზედ". მისი საჭმელი ყვავილთა მტვერია, მისი სასმელი კიდევ მათი წვენი: როცა ის ყვავილებზე ხდება, "იმათ წვენს წყლადა სვამს და იმათ მტვერს პურად". მუდამ მინდვრად არის და ბალახ-ყვავილებზე დაფრინავს და თამაშობს: "ჩამოჯდება ერთ ყვავილზედ, შემოიდებს ფეხს ფეხზედ და დაიწყებს ლაპარაკს". ისეთი სწრაფი ფრენა იცის და იმოდენა მანძილზე ხტის, რომ "ოთხ გუთნის გაშლაზეც" შეუძლია ერთბაშად გადახტეს, თუ დასჭირდა. "მას ისეთი ბედი აქვს, რომ, კაცი რომ დაეწიოს და დაიჭიროს, მაშინვე მოკვდება". ერთი ვაჟი, ხალხური გადმოცემით, როგორც იყო დაეწია, მაგრამ დაჭერა მაინც ვერ შესძლო, რადგან ქალმა მამის სახლში შეჭრა მოასწრო და ვაჟმა მხოლოდ "ჩიქილას" სტაცა ხელი და ლეჩაქი "ხელში დარჩა" მინდორთ ბატონის ასულის "კარებში შესვლის დროს". მინდორთ ბატონმა ასეთი სიყოჩაღისთვის თავისი ასული იმ ყმაწვილს მიათხოვა. ხალხის ღრმა რწმენით "მინდორთ ქალი და ვაჟი ეხლაც ცოცხლები არიან და ხშირათა ჰნახავენ ხოლმე მინდორთ ქალს რომ ყვავილზე მიხტუნავს".
ივ.ჯავახიშვილი
დაბეჭდილია "ხალხური ზღაპრები", თ.რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი.


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)