Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მითოლოგია _ წარმართული ღვთაებები საქართველოში

Posted by: tikoroma Oct 15 2015, 09:21 PM

1. ღვთაება ჭაბუკი
მესხეთში ჭაბუკი ოჯახის მთავარ მფარველ ძალად ითვლებოდა. წარმოდგენილი ჰყავდათ ლამაზი ჭაბუკის სახით, რომელთანაც პირველი ღამე უნდა გაეთია პატარძალს.
ჭაბუკი ასევე არის მამაკაცური ბუნების ნაყოფიერების ღვთაება, რომლის კულტიც სცილდება საოჯახო ფარგლებს. ოჯახის ბარაქიანობისა და ადამიანთა ნაყოფიერების გარდა, მას მიეწერებოდა ნათეს-ნამუშევრის მფარველობის ფუნქციაც.
ლეჩხუმური მასალების მიხედვით, ჭაბუკობა დღეს, რომელიც აღდგომის ოთხშაბათს მოდიოდა, ღმერთს ევედრებოდნენ: "ღმერთო, გაგვიკეთე ნათეს-ნამუშევარიო".
კვირიკობის თვის ორშაბათს ლეჩხუმშივე მახიკრეფის ჭაბუკობა იმართებოდა. ამ დღეს ქალები ღვთაებას ევედრებოდნენ: "ღმერთო, გაგვიკეთე ჩვენი ნათესი, მოგვაწევინე მახა, პური, ნუ დაგვიბნევ და ბედიერებაში მოგვახმარეო". თავად ყანაში კი ისეთი რიტუალი სრულდებოდა, რომელიც აშკარად ავლენს ღვთაების სექსუალურ ბუნებას, რაც ნაყოფიერების ღვთაებათათვის არის დამახასიათებელი ( ქალების მიერ ქვედა საცვლის გახდა და ნათესებზე მოფრიალება).
ჭაბუკის კულტი გარდა მესხეთისა, დასტურდება რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და იმერეთში. სვანეთში იმართებოდა დღეობა ჭაბგობ, რომლის დროსაც ადიდებდნენ ტარ-ჭაბუკს ანუ ჭაბიგუს. . ჭაბუკის სახელზე სცოდნიათ იმერეთში ზედაშის დაყენებაც, რომელსაც საჭაბუკო ეწოდებოდა.
ღვთაება ჭაბუკი მამაკაცური ბუნების ნაყოფიერების მომნიჭებელ ძალას განასახიერებდა. ეს ძალა მოცემული იყო ზოომორფული (ხარი) და ანთრომორფული (ჭაბუკი) სახით.
/თ.ოჩიაური. 'მოსავლიანობის მფარველი ღვთაებები"/
http://radikal.ru/big/118b46ffa770444c86b5f0f8599e4dc7
ფოტოზე-Apollo, 1588. Hendrick Goltzius (Netherlandish, 1558–1617)
იმედს არ ვკარგავ, რომ ქართველ ხელოვანებს გაეხსნებათ ოდესმე და დახატავენ ჩვენს მითოლოგიურ და ზღაპრის გმირებს, ღვთაებებს, სიუჟეტებს და ა.შ.

Posted by: tikoroma Oct 15 2015, 09:29 PM

პირადად ჩემთვის ღვთაება ჭაბუკი დიდი სიახლეა, პირველად გავიგე დღეს მის შესახებ. მით უფრო, რომ რაღაც მისტიური წეს-ჩვეულება ახლავს პატარძლის მიერ ღვთაებასთან ღამის გატარების შესახებ. თუ რაიმე ინფორმაციას ნახავთ ამ თემასთან, ძალიან დამავალებთ თუ გამიზიარებთ. იქნებ რამე გაიგოთ სოფლად ან ქალაქად ბებია-ბაბუებისგან smile.gif
პატარძლის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული რიტუალები ძირითადად წყალთან იყო დაკავშირებული, აჭარაში, ხევსურეთში სპეციალური რიტუალები სრულდებოდა, რაც პატარძლის განბანვას გულისხმობდა. საინტერესოა რა ფორმით სრულდებოდა რიტუალი ღვთაება ჭაბუკის შემთხვევაში. smile.gif

Posted by: tikoroma Nov 26 2015, 03:57 PM

ხალხური რწმენით მარტო ტყესა და ხეს კი არა, არამედ მინდორსა და ყვავილებსაც თავისი მფარველი ჰყავდა. კახეთში იგი "მინდორთ ბატონად" და მის ასულად ჰყავთ წარმოდგენილი. "მინდორთ ბატონის ასული "ისეთი ლამაზია და ისეთი სუბუქია, რომ ისეთს ლამაზს და მშვენიერს ვერც ჰანახავს კაცის თვალი და ვერც ინატრებს". ამ ქალიშვილს თავზე "ჩიქილა" ჰხურავს. იგი ჩვეულებრივ "ყვავილებზე დახტის: ხან ერთ ბალახზე შეხტება და დაჯდება, ხან სხვაზედ". მისი საჭმელი ყვავილთა მტვერია, მისი სასმელი კიდევ მათი წვენი: როცა ის ყვავილებზე ხდება, "იმათ წვენს წყლადა სვამს და იმათ მტვერს პურად". ის მუდამ მინდვრად არის და ბალახ-ყვავილებზე დაფრინავს და თამაშობს: "ჩამოჯდება ერთ ყვავილზედ, შემოიდებს ფეხს ფეხზედ და დაიწყებს ლაპარაკს". მან ისეთი სწრაფი ფრენა იცის და იმოდენა მანძილზე ხტის, რომ "ოთხ გუთნის გაშლაზეც" შეუძლია ერთბაშად გადახტეს, თუ დასჭირდა. "მას ისეთი ბედი აქვს, რომ, კაცი რომ დაეწიოს და დაიჭიროს, მაშინვე მოკვდება". ერთი ვაჟი, ხალხური გადმოცემით, როგორც იყო დაეწია, მაგრამ დაჭერა მაინც ვერ შესძლო, რადგან ქალმა მამის სახლში შეჭრა მოასწრო და ვაჟმა მხოლოდ "ჩიქილას" სტაცა ხელი და ლეჩაქი "ხელში დარჩა" მინდორთ ბატონის ასულის "კარებში შესვლის დროს". მინდორთ ბატონმა ასეთი სიყოჩაღისთვის თავისი ასული იმ ყმაწვილს მიათხოვა. ხალხის ღრმა რწმენით "მინდორთ ქალი და ვაჟი ეხლაც ცოცხლები არიან და ხშირათა ჰნახავენ ხოლმე მინდორთ ქალს რომ ყვავილზე მიხტუნავს".
ივ.ჯავახიშვილი
დაბეჭდილია "ხალხური ზღაპრები", თ.რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი.
http://radikal.ru/big/d0e24333816641bc8654cddcdd8a5a52

Posted by: earth Feb 7 2016, 09:05 AM

წაშაშლელია პოსტები.

Posted by: tikoroma Feb 8 2016, 08:19 PM

რამდენი დაუპოსტია biggrin.gif წავშალე ;დ

Posted by: tikoroma May 1 2020, 07:49 PM

ქართული კერპები

შვიდ კერპს ახსენებს ლეონტი მროველი თავის თხზულებაში. სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიეთ მათ შესახებ ინფორმაცია: ესენი არიან: ზადენი, გაც, გაიმ, არმაზი, ბოჩი, ფასიანე და კაპუნია.

ზადენის კულტი შემოუღია მეფე ფარნაჯომს ძვ.წ. II საუკუნეში. მისი აღწერილობა არ მოგვეპოვება. არსებობს მინიშნება, რომ სოფელ ზადენ-გორაში ანდრია პირველწოდებულს ადგილობრივი კერპები გაუნადგურებია. (ეს ცნობა მე-18 საუკუნეში სწავლულ მეცნიერთა კომისიას ჩაუმატებია "ქართლის ცხოვრებაში"). სოფელი ზადენ-გორა ადიგენის რაიონში მდებარეობს. ზუსტად იქ იყო ზადენის კერპი თუ მცხეთაში, გაურკვეველია. ყოველშემთხვევაში, წმინდა ნინოს მიერ განადგურებულ კერპებთა ჩამონთვალში ზადენის კერპი არ იხსენიება.

გაც და გაიმ აზოს აღუმართავს, ხოლო არმაზი - ფარნავაზს. მათი აღწერილობა ძალიან ემთხვევა ხეთის ღმერთებისას. დამზადებული არიან ლითონისგან, ფეხზე მდგომარენი, ხელში უპყრიათ გარკვეული ნივთები და ა.შ. რადგან დაახლოებით ერთი პერიოდისაა, შესაძლოა ზადენიც მათი მსგავსი ყოფილიყო.

ბოჩი - კერპი გამოსახული იყო შვიდი ხელით და ბიჭვინთაში იყო აღმართული. მას „ესხნეს შვიდნი ხელნი, რომლითაცა ხელმწიფებდა თვითეულთა ხელითა თვითეულთა უმაღლესთა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან, შვიდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თვითეულსა ხელსა მისსა აქვნდა თვითო ფერი ხელმწიფება მოფენად სარგებლობისა წყალობის, გინა რისხვისა“ /თეიმურაზ ბაგრატიონი/. ხელში არსებული "ხელმწიფება" ძალიან წააგავს ერთი მხრივ ხათი/ხეთი ღმერთების ხელში არსებულ "სიკეთეს" (ასე მოიხსენიება რაღაც, რაც კერპს ხელში ეჭირა), მეორე მხრივ შუმერულ "მე"-ს. "მე" - ეს იყო გარკვეული უფლებანი, ნიჭი, ძალა სხვადასხვა სფეროში და რომელსაც შუმერი ღმერთი ფლობდა, იგი შეიძლებოდა სხვისთვისაც გადაეცა. მაგალითად ძირითად ღვთაებრივ "მეებს" ფლობდა ანი. მან ინანას ასამდე "მე"გადასცა: უფლობა, გვირგვინი, სამეფო ტახტი, მწყემსობა, პროფესიები, ურთიერთობანი, სხვადასხვა მოვლენები და ა.შ.

ფასიანე - ერთ-ერთი კოლხური ტომის სახელწოდება ყოფილა. მსგავსი სახელით ქანდაკება მეორე საუკუნის ბერძენმა ისტორიკოსმა აღწერა. "ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქანდაკება ქალღმერთ ფასიანესი. გარეგნობით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წიწილა უჭირავს, აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით ის ზის, როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის"მეტროონში. /ფლავიუს არიანე, "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო/

და ბოლოს, სრულიად უმსგავსო პირველყოფილური კაპუნია, თავისი ბავშვების ჩაკაპუნების უნარით, ძნელია რომელიმე "კულტურულ" ღმერთს მიამსგავსო. იგი მდებარეობდა ჭყონდიდში და გაანადგურა ანდრია პირველწოდებულმა.

ეს არის დაახლოებით თანამედროვე კერპები - ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან, ახ. წ. მე-4-მდე (ბოჩის გამოკლებით. ჯერ არ ვიცი მისი "ზეობის" ხანა).

ეს ძალიან სათუო სია შევქმენი, წყაროები არასანდოა და არასრულ ცნობებს შეიცავს.

პ.ს.
კაპუნიამ არსებობა განაგრძო წაჩხურაში.ახლა ბავშვები არ აჰყავთ,მაგრამ აკვანი ააქვთ და უშვილოები შესთხოვენ ღმერთს ბავშვს.არც ერთი ღმერთი არ მომკვდარა.ყველამ ქრისტიანობაში იპოვა ადგილი

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)