მე ვიცი, ბევრი კაცი იმ აზრისა იყო და ახლაც იმავე აზრზე დგას, რომ ამქვეყნიური მოვლენების მსვლელობას ბედისწერა და ღმერთი წარმართავენ, და რომ კაცთა კეთილგონიერებას არამც თუ არ შეუძლია რაიმეს შეცვლა, არამედ სრულიად უმწეოა განგების წინაშე. აქედან გამომდინარე, შეი- ძლებოდა დაგვესკვნა: რა საჭიროა ოფლის ღვრა და ჭაპანწყვეტა, ყველაფერი მივანდოთ განგების ნებას. ამ აზრმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა ჩვენს დროში, რაც აიხსნება ყოველგვარი ადამიანური წინასწარხედვის სრულიად გამომრიცხველი უჩვეულო ცვლილებებით, რომლებიც აწ უკვე ჩვეულებრივ და ყოველდღიურ მოვლენებად იქცნენ. მათზე ფიქრისას, ნაწილობრივ მეც ამ აზრისაკენ ვიხრები ხოლმე. მაგრამ რაკიღა დაუშვებელია ჩვენი თავისუფალი ნების უგულებელყოფა, მე მზადა ვარ ჭეშმარიტებად ვაღიარო იმის შესაძლებლობა, რომ ბედისწერა განაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს, მთლიანად თუ არა, ოდნავ ნაკლებს მაინც, ჩვენვე გვანდობს. ბედისწერას მე ვამსგავსებ ბობოქარ მდინარეს, გამძვინვარებული რომ გადმოლახავს ნაპირებს, წალეკავს ხეობებს, ძირფესვიანად თხრის ხეებს, ანგრევს შენობებს, ერთი ადგილიდან გლეჯს და მეორეზე გადააქვს მიწა; ყველა გაურბის, ყველა უკუიქცევა მისი სიშმაგის წინაშე, არავის ძალუძს წინ აღუდგეს მის მძვინვარებას. მიუხედავად ამისა, მაინც რGება იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა, მყუდროების ჟამს, რაიმე იღონონ მის წინააღმდეგ: აღმართონ მიწაყრილები, კაშხლები და ჯებირები, ისე რომ, ახალი წყალდიდობისას მდინარე ან თავის კალაპოტში დაეტიოს, ანდა მისი მძვინვარება ძველებურად მძაფრი და ყოვლისმმუსვრელი აღარ აღმოჩნდეს. ასევეა ბედისწერაც, რომელიც თავის ძალმოსილებას ავლენს იქ, სადაც არავის უზრუნვია იმაზე, რომ საპირისპირო ძალა დაეხვედრებინა მისთვის, და რიმელიც თავის მძვინვარებას მიმართავს იმ მხარეს, სადაც არ ეგულება მისი დამაოკებელი ჯებირები თუ სიმაგრეები. და თუ თვალს გადავავლებთ იტალიას, რომელიც არის ამ ცვლილებების ასპარეზიცა და მათი მიზეზიც, _ გაშლილ ტრამალად, უჯებირო და უმიწაყრილო ტრამალად წარმოგვიGნდება იგი. რადგან ისევე საიმედოდ დაცული რომ იყოს, როგორც გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი, ეს წყალდიდობა ასეთ საბედისწერო ცვლილებებს ვერ გამოიწვევდა, მეტიც, შეიძლებოდა სულაც თავიდან აგვეცილებინა იგი. მაგრამ თუ კერძო შემთხვევებით შემოვიფარგლები, მე ვიტყვი, როგორ იღუპება დღეს მთავარი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ბედნიერი იყო, თუმცაღა არ იგრძნობა, რომ მის ბუნებას ან მის თვისებებს რაიმე ცვლილება განეცადოს. მე მგონია, ეს აიხსნება, უწინარეს ყოვლისა, იმავე მიზეზებით, რომლებზედაც ზემოთ დაწვრილებით ვილაპარაკე, კერძოდ, იმით, რომ მთავარი, რომელიც მთლიანად ბედისწერასაა მინდობილი, იღუპება, როგორც კი ბედი პირს იბრუნებს მისგან. მე ისიც მგონია, რომ ბედნიერია ის, ვისი მოქმედებაც დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, და ზუსტად ასევე, უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იმავე მიზნისაკენ, კერძოდ, დიდებისა და სიმდიდრისაკენ სწრაფვისას, ადამიანები სხვადასხვანაირად იქცევიან: ერთნი სიფრთხილით მიიწევენ მიზნისაკენ, მეორენი შლეგური შემართებით, ერთნი ძალადობით, მეორენი ცბიერებით, ერთნი მოთმინებით, მეორენი სულსწრაფობით, და ყველა მათგანს შეუძლია ამ სხვადასხვა გზით მიაღწიოს დასახულ მიზანს. იმასაც ვხედავთ, რომ ორი ფრთხილი და წინდახედული კაციდან ერთი ახერხებს მიზნის მიღწევას, მეორე კი ვერა, და ზუსტად ასევე, ერთნაირად ბედნიერნი არიან ორი სხვადასხვა გზით _ სიფრთხილითა და შლეგური შემართებით _ მიზნის მიმღწევნი, რაც აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ დროის თავისებურებით, რომელსაც ეთნხმება ან არ ეთნხმება მათი მოქმედება. ამითვე აიხსნება ისიც, რაც ზემოთ მოგახსენეთ, კერძოდ ის, რომ ორი კაცი, რომელიც სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ერთსა და იმავე შედეგს აღწევს, მაშინ როდესაც ერთნაირად მოქმედი ორი კაციდან ერთი აღწევს, მეორე კი ვერ აღწევს მიზანს. ამითვეა განპირობებული კეთილდღეობის ცვალებადობაც, რადგანაც თუ ფრთხილსა და წინდახედულ კაცს ისეთი დრო უდგას და გარემოებებიც იმნაირად ერწყმიან ერთმანეთს, რომ მისი მოქმედება მართებულია, ბედნიერი იქნება იგი, მაგრამ თუ დროება გარემოებებთან ერთად იცვლება, მისი საქმე წასულია, ვინაიდან მათ კვალდაკვალ არ იცვლის მოქმედების გზასაც და გეზსაც. არ არსებობს იმდენად კეთილგონიერი კაცი, რომ მიესადაგოს დროის მოთხოვნებს, რადგანაც, ჯერ ერთი ძნელია ბუნებრივი მიდრეკილებების დათრგუნვა და, მეორეც, რაკიღა ერთი გზით ყოველთვის აღწევდა წარმატებას, ვერ დააჯერებს საკუთარ თავს, რომ საჭიროა ამ გზიდან გადახვევა. აი, რატომაა, რომ ფრთხილ კაცს, როცა ეს საჭიროა, არ შეუძლია ჯიქურ მოქმედებაზე გადასვლა და ამიტომ იღუპება. მაგრამ მისი ბუნება რომ დროსთან ერთად იცვლებოდეს, მისი ბედი უცვლელი დარGებოდა. პაპი იულიუს II ყოველთვის ჯიქურ მოქმედებას არჩევდა და დრო და გარემოებები ისეთნაირად შეესაბამებოდნენ მის მოქმედებას, რომ ყოველთვის წარმატებით აგვირგვინებდა საქმეს. განვიხილოთ მისი პირველი ლაშქრობა ბოლონიის წინააღმდეგ, როცა მესსერ ჯოვანი ბენტივოლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვენეციელები დრტვინავდნენ, ხოლო ესპანეთის მეფე საფრანგეთს ეთათბირებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მან მთელი თავისი მძვინვარებითა და სიფიცხით წამოიწყო ეს ომი და პირადად ჩაუდგა სათავეში ლაშქარს. ამნაირმა გადაწყვეტილებამ საგონებელში ჩააგდო ვენეციელები და ესპანეთი: ვენეციელების ყოყმანს შიში ედო საფუძვლად, ესპანეთისას კი იმის სურვილი, რომ ხელახლა დაუფლებოდა ნეაპოლის
სამეფოს. მეორეს მხრივ, მან უკან გაიყოლია საფრანგეთის მეფე, რომელიც ხედავდა, რომ პაპმა უკვე დაიწყო ომი; ამიტომ, ვენეციელების დასამცირებლად, დააპირა მისი მიმხრობა3 და მარ- თებულად გადაწყვიტა, რომ უთუოდ მოიმდურებდა პაპს, თუკი ლაშქარს არ მიაშველებდა. ამრიგად, თავისი ჯიქური მოქმედების წყალობით, იულიუსმა მიაღწია იმას, რასაც ვერ მიაღწევდა, მთელი თავისი ადამიანური სიბრძნით, ვერც ერთი მღვდელმთავარი, ვინაიდან რომიდან დაძვრა რომ იმ დრომდე გადაედო, როცა დაიდებოდა ყველა დაურღვევი ხელშეკრულება და ყველაფერი მოწესრიგდებოდა, _ როგორც მოიქცეოდა მის ადგილას რომელიც გნებავთ მღვდელმთავარი, _ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდა. რადგანაც საფრანგეთის მეფე ათას თავის გასამართლებელ საბაბს გამოGხრეკდა, სხვები კი ათასნაირი მუქარით გასაქანს არ მისცემდნენ მას. აღარაფერს ვიტყვი მის დანარჩენ მოქმედებათა შესახებ, რომელნიც ერთმანეთს ჰგვანან და ერთნაირი წარმატებებითვე დაგვირგვინდნენ. დღემოკლეობამ მარცხის სიმწარე არ აწვნევინა პაპს, რადგანაც ისეთი დრო რომ დამდგარიყო, რომელიც ფრთხილ მოქმედებას მოითხოვდა, მისი საქმე წასული იყო, ვინაიდან არასოდეს გადაუხვევდა იმ გზიდან, რომლითაც წარმართავდა მისი ბუნება. დასასრულ, დასკვნის სახით ვიტყვი, რომ, ბედის ცვალებადობისას, ადამიანები, რომლებიც ჯიუტად მისდევენ მოქმედების ერთხელ და სამუდამოდ არჩეულ გზას, ბედნიერნი არიან მანამ, სანამ მათი მოქმედება და ბედისწერა ერთმანეთს შეესაბამებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბედნიერება უბედურებით იცვლება. მაგრამ, ჩემის აზრით, უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგანაც ბედისწერა ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს: ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე.