უფალი ჩაიტანიას მისია
19 июля
თუ შემოხვედი ამ გვერდზე, ეს ნიშნავს, რომ დრო მოვიდა გაიგო, ვინ არის უფალი ჩაიტანია, როგორ მოიცვა მისმა საოცარმა სწავლებამ მთელი დედამიწა, როგორ გალობდა ის ღმერთის წმინდა სახელებს და როგორ დნებოდნენ ქვები, მისი კრიშნასადმი სიყვარულის შემყურე. ის, რაც იდო წმინდა წერილებში, ვედებში, 500 წლის წინ, მან ინდოეთს გაუმხილა, ხოლო შემდგომ, მე-20 საუკუნეში, ვედების არსი, უკვე დასავლეთელი ადამიანის მონაპოვრად იქცა.

„შრიმად-ბჰაგავატამის“, „ბჰაგავატ-გიტას“ და „ჩაიტანია-ჩარიტამრიტას“ სწავლება, ვედანტას დედაარსი, რომლის გაცნობირებას და შესწავლას ბრძენები ათასწლეულებს ანდომებდნენ, თითოეული ჩვენთაგანისთვის ხელმისაწვდომი გახდა და მის აღსაქმელად მხოლოდ სურვილია საჭირო. ამ სწავლებამ, რომელსაც ღმერთის სიყვარულის და ერთგული, უანგარო მსახურების ხელოვნება ჰქვია, გააოცა ყველანი, როგორც მორწმუნენი, ისე ათეისტნი, განაცვიფრა ჭეშმარიტების მაძიებელნი, უბრალო ჩინოვნიკები, ჰიპები, მეოჯახენი და განდეგილნი, ვაჭრები და ღმერთის უპიროვნო ფორმასთან შერწყმის მსურველნი.

მან, ვინც ოდნავ, სულ ოდნავ მაინც ირწმუნა შრი კრიშნა ჩაიტანია, გააცნობიერა, თუ რა განსხვავებაა ნამდვილ სიყვარულსა და ანგარებით სიყვარულს შორის; გააცნობიერა, თუ სადამდე მიყავს ადამიანი წეს-კანონებზე, რიტუალებზე და ადათ-წესებზე აღმოცენებულ გრძნობებს და რა შედეგამდე -- სპონტანურ, ერთგულ მსახურებაზე, მეგობრობაზე აღმოცენებულ სიყვარულს.

უფალი ვიშნუს თაყვანისცემა -- შიშნარევი განწყობილებით, ფუფუნების ატრიბუტებით და ქვეცნობიერში გამორჩენის სურვილით -- კრიშნას, პატარა მენახირე ბიჭის სიყვარულმა გადაწონა. დედა იაშოდას პირმშოს, კრიშნას მიმართ მზრუნველობის გრძნობამ და იმის განცდამ, რომ ეს ლამაზი ბიჭუნა შენი საკუთრებაა, ჯერ უკანა პლანზე გადასწია, შემდეგ კი საერთოდ მივიწყებას მისცა ის ცოდნა, სადაც კრიშნა თავად არის ღმერთი, უფალი ვიშნუს თავდაპირველი წყარო და ყოველი მიზეზის მიზეზი.

ღმერთი აღარ იყო ბატონი, ღმერთი აღარ იყო მკაცრი მამა, ათასგვარი სპეკულაციური მსჯელობითა და ტვინისჭყლეტით აგებული კედლის უკან დამალული, მიუწვდომელი და შეუცნობადი გონი -- დამსჯელი სუბიექტი. კრიშნა შევიდა ყველას სახლში -- კარი ვინც გაუღო. ის გახდა მათი ოჯახის წევრი, წაიშალა ზღვარი დიად ღმერთსა და პატარა არსებებს შორის. კრიშნა გახდა დამოკიდებული თავის ერთგულებზე, ის იქცა მათი მედიტაციის რეალურ, ხელშესახებ ობიექტად.

მაჰა-მანტრა, ანუ დიადი მანტრა, დიადი ლოცვა, არის ის, რაც მარადიულია და რაც კალი-იუგაში გამოვლინდა, რათა ჩვენთვის გადმოეცა უფალ ჩაიტანიას:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე

მაჰა-მანტრა, რომელსაც უხსოვარი დროიდან ღირსნი და რჩეულნი იმეორებდნენ, მოულოდნელად, ერთი ხელის მოსმით, უმიზეზოდ, ცეკვა-თამაშით, იოლად მოწყვლადი არსებების, ადამიანების მთავარ იმედად იქცა. უფალი ჩაიტანიას გალობა მთელ სამყაროში გაისმა და ადამიანები და ცხოველები მასთან ერთად აცეკვდნენ.

ვედების მცოდნენი, დიადი სწავლულნი და ბრძენნი თავიდან გააოცა შრი კრიშნა ჩაიტანიას ამგვარმა ქმედებამ, იუცხოვეს, დაინახეს რა საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი პრესტიჟისა და ცრუ ეგოს ნგრევის საშიშროება. ბენარესში ყოფნისას, ისინი მივიდნენ ჩაიტანიასთან და ჰკითხეს:
„რატომ ზიხარ იმ ადგილას, სადაც ფეხებს იბანენ? შენ გონიერი ადამიანი ჩანხარ, ჩვენს სამპრადაიას მიეკუთვნები და თვით კეშავა ბჰარატას მოწაფე ხარ. განა ასე არ არის? მაშინ გვითხარი, რატომ მღერი და ცეკვავ? ეს ხომ ქალის საქმეა. იმის მაგივრად, რომ ვედანტა შეისწავლო და განდეგილობაში განმტკიცდე, სულ ცეკვავ და მღერი. ეს სამყარო ილუზიაა. ცოცხალი არსება-- ბრაჰმანია, ანუ ღმერთი. ამაზე გააკეთე მხოლოდ მედიტაცია. არ შეგშვენის ცეკვა-სიმღერა. მაშ, რატომ იქცევი ასე?“
ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ უპასუხა:
„ჩემმა გურუმ მითხრა: „შენ არ გაქვს კვალიფიკაცია, ვედანტა რომ შეისწავლო; ნამდვილი ბრიყვი ხარ და ნუ შეეცდები ვედების გაგებას. ამის მაგივრად მანტრას მოგცემ.“ გურუმ „ჰარე კრიშნა“ მანტრა მომცა და მას მერე ამით ვსულდგმულობ.“

შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ წარმოთქვა ლექსი „ბრიჰად ნარადია პურანადან“:

ჰარერ ნამა ჰარერ ნამა
ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი
ევა ნასტი გატირ ანიათჰა

„კალი-იუგაში“, განხეთქილებისა და თვალთმაქცობის ეპოქაში, ცოცხალი არსების სულიერი წინსვლისთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა ღმერთის წმინდა სახელების გალობისა. არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა.“

არც რვასაფეხურიანი მისტიკური აშტანგა-იოგა და მძიმე ასკეზები, ოქროს ხანაში რომ არსებობდა მილიონობით წლების წინ, არც ვერცხლის ხანისთვის დამახასიათებელი რიტუალები და მსხვერპლშეწირვები, არც ბრინჯაოს ხანაში გამეფებული თაყვანისცემა ტაძრებში, არცერთი მათგანი აღარ არის ქმედითი ჩვენს ეპოქაში. „შრიმად-ბჰაგავატამში“ ნახსენებია ყველა იმ ავატარათა სახელები, რომლებიც ამა თუ იმ ეპოქაში ევლინებოდნენ დედამიწაზე, რათა მარადიული დჰარმას (რელიგიის) გაგებაში დახმარებოდნენ ადამიანებს. მაგრამ არავინ ყოფილა ისეთი მოწყალე და დიადი, როგორიც უფალი შრი კრიშნა ჩაიტანიაა.

„შრიმად ბჰაგავატამში“ (11. 5. 32) ნათქვამია:
კრიშნა ვარნამ ტვიშაკრიშნამ
სანგოპანგასტრა პარიშადამ
იაგაიმ სანკირტანამ პრაიაირ
იაჯანტი ჰი სუ მედჰასაჰ

„მე თაყვანს ვცემ უფალ შრი კრიშნა ჩაიტანიას, რომელიც ათავისუფლებს კალი-იუგას ეპოქის ცოცხალ არსებებს, მოუწოდებს რა ყველას უფლის წმინდა სახელების ერთობლივი გალობისკენ (შრი ნამა სანკირტანა). ის ადიდებს შრი კრიშნას სახელს, ფორმას, თვისებებს და გართობებს. ის იმეორებს ორ მარცვალს კრიშ-ნა. უფალ ჩაიტანიას ოქროსფერი სხეული აქვს და მას გარშემო თანამგზავრები და მეგობრები ახვევია. თავისი ძლევამოსილი იარაღით, მაჰა-მანტრით ის უმეცრებას ანადგურებს.“

ალეკო შუღლაძე (შიამა დასა)