მინდა ფორუმზე იყოს ეს თემა, როგორც საინტერესო თეორია და რაც მთავარია, პრაქტიკული დანიშნულების მოსაზრება. პრაქტიკულობას კი ის განაპირობებს, რომ ვინც ემოციური ინტელექტის თეორიას იზიარებს და ხედავს მასში რაღაც რეალურს და რაციონალურს, ცდილობს შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობასა და პიროვნული უნარების გაუმჯობესებას. შედეგად კი ადამიანმა შეიძლება გაზარდოს თავისი ემოციური ინტელექტი, როგორც მაგალითად IQ ანუ პერსონალური ინტელექტია მნიშვნელოვანი, ასევე დიდი დატვირთვა აქვს ემოციურ ინტელექტსაც. ხოლო რაც უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს ადამიანს, მით უფრო რეალიზდება ის გარშემომყოფთა შორის, მათ შორის პროფესიულ სფეროში.
ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამდენად, ემოციური ინტელექტი ერთგვარად გულისხმობს ემოციათა გაცნობიერებას მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით.
ცნობილია ემოციური ინტელექტის თეორიის განვითარების სამი მოდელი, რომლებიც ერთმანეთს ქრონოლოგიურად მოსდევენ და წინამორბედი მომდევნოს განაპირობებს:
- უნარ-ჩვევების მოდელი (ability model), რომელიც განავითარეს პეტერ სალოვიმ და ჯონ მეიერმა (Peter Salovey and John Mayer); მათი თეორიის თანახმად აქცენტი კეთდება იმ ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებზე, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი წარმართავს თავის ემოციურ ინფორმაციას და იყენებს მათ სოციალური გარემოს ნავიგაციის, ანუ მართვის მიზნით[1];
- ხასიათის/შტრიხის მოდელი (trait model)[2], რომელიც განავითარა კონსტანტინე ვასილი პეტრიდმა;
- შერეული მოდელი (mixed model), რომელიც აერთიანებს წინა ორივე მოდელს: უნარ-ჩვევებისა და ხასიათის/შტრიხის მოდელებს. ემოციური ინტელექტის ეს მოდელი გულისხმობს უნარებისა და ხასიათის ისეთ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ლიდერობისთვის, დანიელ გოლმანის (Daniel Goleman)[3] მიხედვით.
- გარდნერის მრავლობითი ინტელექტი და ემოციური ინტელექტი
ემოციის ზუსტად და შესატყვისად აღქმის, შეფასების და გამოხატვის უნარი;
აზროვნებისას ემოციების გამოყენების უნარი;
ემოციების გაგების, ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი;
საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი.
IQ__EQემოციური ინტელექტის გაზომვებმა აჩვენა, რომ EI არ არის კორელაციაში IQ-სთან მიმართებით, ემოციური ინტელექტი გარემოს გავლენას განიცდის და ზრდასრულებთან უფრო განვითარებულია, გარდა ამისა, ქალებს ემოციების აღქმაში გაცილებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ[6]
ამერიკელმა ფსიქოლოგმა დანიელ გოლმანმა (Goleman, 1946-) ჩამოაყალიბა ემოციური ინტელექტის თეორია, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი, პერსონალური ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები:
- თვითშეგნება/თვითშემეცნება – ემოციის ზუსტად და შესატყვისად აღქმის, შეფასების და გამოხატვის უნარი; თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში;
- თვით-რეგულაცია – აზროვნებისას ემოციების რეგულირებისა და გამოყენების უნარი; თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას.
- სოციალური უნარები – ემოციების გაგების, ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი; სოციალური უნარ-ჩვევები, თავის მხრივ, მოიცავს:
ურთიერთობის წარმართვისა და სოციალური სიტუაციების ზუსტი აღქმის უნარს;
ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვას;
სხვების ადვილად დაყოლიების, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმართვის უნარს;
ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის უნარს. - ემპათია – გაანალიზო სხვა ადამიანების ემოციები განსაკუთრებით მაშინ, როცა იღებ რაიმე გადაწყვეტილებას; ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის“ უნარსაც უწოდებენ. ეს არის სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და ემოციების გაგებაზე დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. სხვა ემოციური უნარების მსგავსად, ემპათია არის შინაგანი თვისება, რომელიც ყალიბდება გამოცდილებით. ჩვილი ბავშვები 3 წლის ასაკში განიცდიან ემპათიას, როცა ისინი გამოხატავენ წუხილს სხვა ბავშვის ტირილზე. უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვები იმიტაციის საშუალებით სწავლობენ რეაქციის გამოხატვას სხვა ადამიანის მწუხარებაზე. თუმცა ამ უნარის განვითარებისთვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ მათი ემოციების განმტკიცებას.
- მოტივაცია – მიზანსწრაფულობა, სურვილი მიაღწიო მიზანს და წარმატებას. მოტივაცია გულისხმობს მიზნის მისაღწევად ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარს.
[1] Salovey, Peter; Mayer, John; Caruso, David, “Emotional Intelligence: Theory, Findings, and Implications”, Psychological Inquiry: 197–215, 2004.
[2] Petrides, Konstantin; Furnham, Adrian, “Trait Emotional Intelligence: Psychometric Investigation with Reference to Established Trait Taxonomies”, European Journal of Personality: 425–448, 2001.
[3] Goleman, Daniel, What Makes a Leader?, Harvard Business Review, 1998.
[4] Gardner, H.. Frames of mind. New York: Basic Books, 1983.
[5] Smith, M. K., “Howard Gardner and multiple intelligences”, The Encyclopedia of Informal Education, 2002, downloaded from http://www.infed.org/thinkers/gardner.htm on October 31, 2005.
[6] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=...d=6&t=16524