შევთანხმდეთ, რომ ზღაპრებისა და საგმირო ეპოსის გმირები უბრალო მოცლილი მოგზაურები კი არ არიან, არამედ სულიერი განვითარების მაძიებელი ადამიანები. მოდით, "სულიერ განვითარებაში" მოვიაზროთ ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით "სულიერ განვითარებას", იქნება ეს რელიგიის, მაგიის თუ სხვა თვალსაზრისით (წმინდანობა-განღმრთობა, მაგობა-ჯადოქრობა, გასხივოსნება და ა.შ.). ჩვენ ვირჩევთ რომელიმეს და მივყვებით მას წესების შესაფერისად. ასევე იქცევიან მითიური გმირები და ჭაბუკები ზღაპრებიდან. მათი ისტორიები განსხვავებულია, შელამაზებულია და დაშორებულია ნამდვილ ამბავს. მაინც აქვთ საერთო: სახლიდან წასვლა და სკნელის საზღვრის გადაკვეთა, ბოროტ არსებასთან ჭიდილი და გამარჯვება, მზეთუნახავის სიყვარულის მოპოვება. შევეცდები გონივრულად განვმარტო ეს ეპიზოდები.
მოდით, თავგადასავლის საძებნელად წასვლაში მოვიაზროთ გმირის მოქცევა იმ სისტემური ეგრეგორის გავლენს ქვეშ, რაც მაშინ იქნებოდა გავრცელებული. გზაზე შედგომა კიდევ არ ნიშნავს სისტემის წევრობას. მაგალითად, ქრისტიანობაში ადამიანი ჯერ ემზადება მოსანათლად, შეისწავლის მოძღვრების არსს, ნათლობის შემდეგაც იგი არ არის ეკლესიის ნამდვილი წევრი, სანამ არ გახდება მღვდელმსახური. ხოლო ბერმონაზვნობის (დაურღვეველი) აღთქმის დადების შემდეგ, ხატოვნად ამასაც ამბობენ, რომ იქორწინა ეკლესიაზეო.
არ ვფიქრობ, რომ უძველესი რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა რაიმეთი წააგავდა ქრისტიანობას, ან ჩვენთვის ცნობილ სხვა მიმდინარეობას. თუმცა მისი ეგრეგორი იმუშავებდა სწორედ მათ მსგავსად.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ამბებს გვიყვებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირი ხატ-სახეებით აზროვნებენ. მაგალითად, წავიკითხოთ პირველი მხატვრული ტექსტი - გილგამეშის ეპოსი. იგი დაახ. 3 ათასი წლის წინ ჩაიწერეს. გვესმის შინაარსი? რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა აზროვნების ფორმა დიდად არ შეცვლილა. გილგამეშზე ადრინდელი ჩანს მითები ამირანზე - მკვლევარები ამბობენ, რომ ამირანი მატრიარქატული ეპოქის შვილია. ტრადიციული ისტორიის მიხედვით კი, ეს ადრეული ქვის ხანაა.
აი, ადამიანი, რომელმაც ქვის დამუშავება უკვე იცის, შუბს და მშვილდს ამზადებს და ნადირობას სწავლობს. თუმცა იმდენად გაწაფული არ არის, რომ მასზე ძლიერის -ღვთაების მფარველობა არ სჭირდებოდეს. რადგან ახალბედა მონადირე მატრიარქატის შვილია, მისი ზემდგომი არსება (ღვთაება დალი) - მდედრია. დალის ასტრალურ სახედ მიიჩნევა ცისკრის ვარსკვლავი, იშთარი. ყამარს და სხვა მზეთუნახავებსაც მასთან აიგივებენ. (მზის უნახავი - ცისკრის ვარსკვლავი , პლანეტა "ამოდის" მზის ჩასვლის შემდეგ და ქრება მის ამოსვლამდე).
გვესმის რასაც ყვება მითის ავტორი? რა გვესმის აბა? გვიყვება, რომ მონადირეს ღვთაება დალთან ჰქონდა სექსი. ესე იგი, ვისთან? ქალღმერთ იშთართან ბაბილონში? პლანეტა ვენერასთან? მის განპიროვნებულ არსთან? ფიზიკურ პლანზე? თუ სიზმარ-ასტრალში? გაიგეთ შინაარსი, რა გვითხრეს სინამდვილეში?
ასე იტაცებს ამირანი ციდან ცისკრის ვარსკვლავს? ასე მოჰყავთ გარესკნელებიდან მშობლიურ შუასკნელში ღარიბ სოფლელ ჭაბუკებს ასტრალური ღვთაებები ცოლებად სიკვდილამდე ბედნიერად საცხოვრებლად?
ხომ არ შეიძლება გმირისა და მზეთუნახავის კავშირი გავიგოთ, როგორც პერსონაჟის საცდელი ვადის დასასრული - მისი ორდენში, ორგანიზაციაში, სისტემაში მიღება? (დაურღვეველი აღთქმის დადება?)
თუკი დღეს ვიყენებთ ტერმინს "დედა-ეკლესია", თუკი მონაზონებს ვუწოდებთ "ქრისტეს სასძლოებს", რატომ არ შეიძლება გმირის საბოლოო ინიციაცია მოვიხსენიოთ ქორწინებად ამ სისტემასთან, მის წარმომადგენელთან, განმასახიერებელთან? ჰქონდა თუ არა კავშირი ამ "მოძღვრებას" პლანეტა ვენერასთან ნებისმიერი კუთხით, ჩემთვის უცნობია. თუმცა სისტემის სიმბოლო ნამდვილად უნდა ყოფილიყო ღვთაება იშთარი, როგორც ეკლესიის თავად და სიმბოლოდ მიიჩნევა ქრისტე.
სისტემის სიმბოლოდ იშთარის დასახელება არ მიგვანიშნებს მაინცდამაინც უცხოცივილიზაციაზე პლანეტა ვენერადან, ან ბაბილონურ კულტურაზე... არ შეიძლება ასე ვიწროდ გაგება. მითებში დალის დომინანტური როლი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ამირანი და სხვა გმირები სამონადირეო-საგმირო ეპოსიდან მატრიარქატული დროიდან მოდიან. კი მაგრამ, რატომ? ხომ არსად წერია, რომ დალი-იშთარი-მზეთუნახავი გამორჩეული ლიდერია. უბრალოდ, ჩვენს პერსონაჟებს აქვთ მასთან ძლიერი კავშირი. ერთი სატრფოა, მეორე შვილია, მესამე მშველელი და გადამრჩენელია... მაგალითისთვის, ერთი აქადური ლეგენდის თანახმად, აქადის დინასტიის დამაარსებელი სარგონი იშთარის აღზევებულია სრულიად შუამდინარეთის სამეფო ტახტზე. „ოდეს მებაღე ვიყავ, იშთარმა შემიყვარა. ორმოცდათხუთმეტი წელი მეფობას ვიქმოდი“. იგი იკვეხის ქალღმერთის მფარველობას და თავის მხრივ საყოველთაოდ ავრცელებს მის კულტს. მერე, ვინმე განიხილავს სარგონს მატრიარქატის ეპოქის მმართველად ამისათვის?
ან თავად იშთარი თურმე ორბუნებოვანი ყოფილა: " დილის იშთარი მეომარია... მწუხრის იშთარი სიყვარულის ქალღმერთია. .... დილის ანუ მეომარი იშთარი წვეროსანია ანუ მამრი, ხოლო მწუხრის იშთარი დედრია. საღამოს ვარსკვლავის სახით წარმოდგენილი იშთარი სიყვარულის დედრი ღვთაებაა... " (ს. მით.ენც.)
ასე რომ, ვერ დავწვრილმანდებით მხოლოდ დალი-იშთარი-ვენერას კულტამდე.
ჩვენ ხომ გავიზარდეთ ქრისტიანებად, მაგრამ მაინც გვიჭირს ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ მის სათავეში მდგომ არსებაზე. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ერთია - მამა ყოვლისა მპყრობელი... აგრეთვე ვიცით რომ ქრისტე ღმერთია. იგი სამების წევრია მამასა და სულიწმინდასთან ერთად. მამა იაჰვეა, ქრისტე ძეა, სულიწმინდა სულიწმინდაა, ქრისტეს დედა ჰყავს -ღვთისმშობელი, ნათლია ჰყავს -იოანე ნათლისმცემელი, მისი მიმდევარ მოციქულებზე სულიწმინდა გადავიდა, კიდევ გვყავს წმინდანები... ყველანი ერთან ქმნიან ერთიან ეგრეგორულ სისტემას, რასაც ქრისტიანობა ჰქვია და მისი სახეა დედამიწაზე ეკლესია. რაც ამაზე დაწერილა აქამდე, მაგრამ მაინც ზუსტად არ ვიცით რა გვწამს - თუ ვის ვუწოდებთ ღმერთს და რატომ.
აბა დროთა განმავლობაში ზღაპრებისა და მითების სახეცვლილი ტექსტებით ზუსტად როგორ ვადგენთ, რისი სწამდა ადამიანს ქვის ხანაში და შემდეგ?.. თურმე დალი ნადირობის ღვთაება ყოფილა, ყამარი - ცისკრის ვარსკვლავი, მამამისი - ამინდის განმგებელი, დევი ბაყბაყი და ჭია ვეშაპის ბიძაშვილი - აი, ქართველთა მითოლოგიური პანთეონი. ჩემი აზრით, ასეთი გააზრება იმის ბრალია, რომ ქართულ მითებს ბერძნულ მითოლოგიაზე ასწორებენ და მას უფარდებენ. და ცდებიან კიდეც. რადგან არაა ბერძნული მითები ორიგინალი, ის რაც ხელმისაწვდომია, არის გადამუშავებული მხატვრულად, დავარცხნილი და დალაგებული ხელოვნურად. თვითონ დაკარგული აქვს პრიველადობა და ჩვენ რატომ ვეტოლებით, ვერ ვხვდები. მე პირადად მგონი მეხუთე კლასში გავიგე ამირანის შესახებ, იქვე გავიგე პრომეთეს შესახებ და ისე ამერია ერთმანეთში, კარგა ხანს არ ვიცოდი, ამირანმა ქალი მოიტაცა თუ ცეცხლი. რაღაცა ასეთი დამამახსოვრდა: ყამარ-ქალი მოიტაცა, რომელიც სიმბოლურად იყო ცეცხლი, რომელიც სიმბოლურად იყო ცოდნა ადამიანთათვის განკუთვნილი. თქვენ გაიგეთ რამე?
საერთოდაც, მე ვერ დაგპირდებით, რომ დავარქმევ სახელებს, თუ რომელ სისტემურ სწავლებაზეა საუბარი ამ ტექსტებში - ეგვიპტურ, შუმერულ, კავკასიურ თუ კიდევ უფრო შორეულ კულტურებზე, თუ საერთოდ არადედამიწურ ცივილიზაციაზე... არ არსებობს პირდაპირი წყარო - ვერ დავამტკიცებ ვერაფერს.
ამიტომ, მე მხოლოდ მაშინდელი სისტემის არსზე და ფორმებზე შემიძლია ვისაუბრო. შემიძლია, უბრალოდ დაგანახოთ, თუ რა გზას გადიოდა ხელდასხმისკენ (მზეთუნახავთან საკრალური ქორწილისკენ) სისტემაში საკუთარი ადგილის მაძიებელი ჭაბუკი.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ პერსონაჟის სულიერ განვითარებაში არ ვგულისხმობ მის სრულად განწმენდას - თანამედოვე სიტყვებით რომ ვთქვა: განღმრთობას ან გასხივოსნებას, კარმიდან თავის დაღწევას, სისტემის დაძლევას, მეოთხე-მეცხრე განზომილებაში გასვლას, დემონად ქცევას, ან კოსმოსში გაფრენას... არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად სრულყოფილებას აღწევდა თავისი გზის ბოლოს.
პირიქით, მე ვამბობ რომ ის იღებდა ხელდასხმას მის დროს გაბატონებულ სისტემაში.
რელიგიური ორდენი იყო ეს თუ ასტრალურ ღვთაებათა წმინდა საძმო, ეს სხვა დროს გავარკვიოთ.