ვალჰალის ოქროს სავარცხლიანმა და ჰელჰაიმის შავყვითელმა მამლებმა, აქამდე ხმას რომ არ იღებდნენ, იეთი ძალით იყივლეს, რომ სასახლეები შეარყიეს.
შეიარაღდნენ ღმერთები და მათი თანამოლაშქრეები, რაშებს მოახტნენ. თავჩაქჩქნიანები და შეჯავშნულნი დაეშვნენ დედამიწაზე. წინ ოდინი მიუძღოდათ. თავს ოქროს მუზარადი უმშვენებდა, მკერდს - მტკიცე ჯავშანი. ხელში სატყორცნი შუბი ეჭირა. ვიგრიდის ველზე მოხდა ღმერთებისა და მათი თანამოლაშქრეების ბრძოლა მრისხანე მტერთან.
ოდინი ფენრირის შესახვედრად გაეშურა. საზარელმა ყმუილმა შეძრა ფართო ველი. შიშით შესცქეროდა ღმერთების მეფე მრისხანე მხეცს, რომელიც თვალებიდან და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. საზარელი პირი ფართოდ დააღო და ოდინ ძლიერი გადაყლაპა.
უეცრად მოვარდა ვიდარი, ოდინის ძლევამოსილი შვილი, და როგორც ითქვა, მგელს ეცა, ქელი ჯადოსნური ფეხსაცმლით დაცული ფეხი დაადგა ქვედა ყბას, მეორე ყბა მძლავრად აზიდა და ურჩხული შუაზე გახლიჩა, შემდეგ ასევე გაუპო ფენრირს გული. ასე იძია შური დაღუპული მამისთვის.
ამასობაში თორმა მოლნირი ტყორცნა იორმუნგანდს და თავი გაუპო. მაგრამ ურჩხულის შხამიანი ამონასუნთქი მოხვდა, წაბარბაცდა და უსულოდ დაეცა ძირს.
ჰეიმდალი ლოკის შეება. ორთაბრძოლა ორივეს სიკვილით დასრულდა.
ტირი შეებრძოლა ნიფლჰაიმიდან ამოსულ გუშაგ ძაღლს გარმს და ორივე დაიღუპა
ფრაირს თავისი ხმალი არ ჰქონდა და სურტრმა მოკლა. გამარჯვებულმა ბუმბერაზმა ჰაერში ცეცხლი აისროლა და ქვეყნიერებას ხანძარი გაუჩნდა, ზღვა ადუღდა. დედამიწა უძირო უფსკრულში ჩაეშვა და ჩიფშვნა. ზედ ალი გადაეფარა.
დასრულდა დიდი ბრძოლა. მიწყდა ხმა. აღარ იყვნენ ღმერთები და არც სამყაროები. მსოფლიო სამარეს საიდუმლოებით მოცული სასიკვდილო დუმილის ნისლი ჩამოაწვა.