IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ეზოთერული სწავლებები 1875 წლიდან დღემდე, აქ იწერება მხოლოდ სტატიებ
Merlin
post Jul 14 2020, 01:13 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვალენტინ ტომბერგი

ელენა ბლავატსკაიას „საიდუმლო დოქტრინა“ და რუდოლფ შტაინერის „იდუმალთმეტყველების ნარკვევი”


ორი მრავლისმომცველი ნაშრომი გამოჩნდა ჩვენი დროის დასავლურ კულტურაში, რომლებიც გადმოსცემენ მთელ ეზოთერულ მსოფლაღქმას: ელენა ბლავატსკაიას “საიდუმლო დოქტრინა” და რუდოლფ შტაინერის „იდუმალთმეტყველების ნარკვევი“. ეს ორი ნაშრომი შეიცავს კოსმოლოგიური ხასიათის ცნობებს, რომლებიც ღირებულია მათი ჭეშმარიტი გამოცხადებების გამო. მრავალ სიმბოლისტური შინაარსის ნაწერთა შორის, რომლებშიც ვხვდებით ნახევრად ბუნდოვან ნახევარ სიმართლეებს (იქნება ეს თეორიულ კაბალისტური თუ მისტიკურ-ლირიკული გადმოცემები) ეს ორი წიგნი შეიცავს მსოფლაღქმის მეტნაკლებად სრულ სურათებს, აქამდე სრულიად უცნობს საზოგადოებისთვის. სიმართლე, რომელიც უნდა ვაღიაროთ, მდგომარეობს იმაში, რომ ვერცერთი ცნობილი თეოსოფისტური თუ კაბალისტური ნაშრომი ვერ შეედრება მათ ობიექტური ღირებულებით, რადგან ოკულტური ლიტერატურის არცერთი წიგნი არ სთავაზობს მკითხველს იმდენს, რამდენსაც ისინი.

თუ ჩვენ ამ ორ ნაშრომს ფუნდამენტური მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, მაშინ იბადება კითხვა: როგორ დამოკიდებულებაში არიან ისინი ერთმანეთთან? არის მათ შორის პრინციპული სხვაობა, ან თუნდაც წინააღმდეგობა; თუ „იდუმალთმეტყველების ნარკვევი“ უნდა განვიხილოთ უბრალოდ, როგორც ადრინდელი „საიდუმლო დოქტრინის“ დამატებად ან დასრულებად?

მოდით, თავდაპირველად განვიხილოთ „საიდუმლო დოქტრინა“. ეს არის ორტომიანი ნაშრომი (მესამე ტომი გამოჩნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ [მესამე ტომისა და ზოგადად სამტომიანი გამოცემების შესახებ აუცილებელ ცნობებს შემდგომში მოგაწვდით]), რომელიც აღწერს სამყაროსა და კაცობრიობის დაბადებას და განიხილავს ამ საკითხთან დაკავშირებულ გაბატონებულ ფილოსოფიურ, რელიგიურ და მეცნიერულ თეორიებს. ის შეიცავს სამყაროს შექმნისა და კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიის უამრავი საიდუმლოს ახსნას, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ახსნები გადმოცემულია ცვალებადი და ქაოტური სტილით, მათ შინაარსს აქვს ღირებულება. კოსმოსის წარმოქმნა წარმოდგენილია, როგორც თავდაპირველი არსის სუნთქვის პროცესი. არსებათა შესუნთქვა და გამოსუნთქვა - ესაა ორი ფუნდამენტური ტენდენცია, რომელიც არსებობს მთელი კოსმოსის მოვლენებში. გამოსუნთქვისას წარმოიშვება მატერია, შესუნთქვისას სული ამჟღავნებს თავის თავს [იგულისხმება მატერიალიზაციისა და დემატერიალიზაციის ციკლური პროცესი]. შესაბამისად, არსებობს ორმხრივი კოსმიური „იდეოლოგია“: „იდეოლოგია” შემოქმედთა, რომლებიც ეთანხმებიან კოსმიურ ევოლუციას, და „იდეოლოგია“ არსებებისა, რომლებიც უარყოფენ მატერიალურ შემოქმედებას. ბრძოლა ამ „იდეოლოგიებს“ შორის მიმდინარეობს როგორც დედამიწაზე, ისე ზეცაში. ზეცაში ესაა ბრძოლა დადებით და უარყოფით ღმერთებს შორის, ხოლო დედამიწაზე - ბრძოლა სულებისა, რომლებიც მიყვებიან „მთვარის გზას“ (ჩანდრავანკა), იმ სულების წინააღმდეგ, რომლებიც მიდიან „მზის გზით“ (სურიავანკა). მთვარე არის კოსმიური თავმოყრის ადგილი მატერიალიზების მსოფლიო ნაკადისა; ხოლო მზე - განსულიერების ნაკადის. დროის განსაზღვრულ პერიოდში აუცილებელი გახდა, ეს ორი ნაკადი შეერთებულიყო კოსმიური ევოლუციის კონკრეტულ წერტილში. ეს მოვლენა, მისი მიზეზები და შედეგები, წარმოადგენენ უღრმეს მისტერიას და ბლავატსკაიას მთელი ნაშრომი სწორედ ამ მისტერიისკენაა მიმართული. ყველაფერი რაც დეტალურადაა გადმოცემული „საიდუმლო დოქტრინაში“, საბოლოვო ჯამში, მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს ცოდვით დაცემის მისტერიას. „საიდუმლო დოქტრინა“, მიუხედავად მისი აზრების გადმოცემის არაცხადი და არამდგრადი სტილისა, გამოკვეთილად ცენტრირებული ნაშრომია. ის ორიენტირებულია ერთი წერტილისკენ: კაცობრიობის განსხეულებისა და სქესებად დაყოფის მოვლენისაკენ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლემურიის ეპოქის შუა პერიოდში. ამ მოვლენის გზით მზისა და მთვარის ოპოზიცია ჩაერთო კაცობრიობის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, აღმოცენდა ადამიანის ინტელექტი - მზის ბუნება მასში; ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანი დაექვემდებარა სექსის/სქესობრიობის წყევლას - მთვარის ბუნებას მასში. ამ ფაქტის აღიარებას მივყავართ პრაქტიკულ დასკვნამდე: კაცობრიობის მიზანია, მიაღწიოს მზის ბუნების გამარჯვებას მთვარისაზე. ადამიანის ფიზიკური გამრავლება უნდა შეწყდეს, კაცობრიობა უნდა დაუბრუნდეს განსულიერებულ მდგომარეობას, ისეთს, როგორიც იყო მისი ყოფა დაცემამდე, თუმცა ამასთანავე შეინარჩუნოს ინტელექტი, რომელიც მოპოვებულ იქნა დაცემის გზით.

ამდენად, სამშვინველის განწყობა, რომელიც მოყვება „საიდუმლო დოქტრინაში“ წარმოდგენილ მსოფლიო სურათს არის ერთპოლუსიანი. ადამიანი ცნობს დუალობას კოსმოსში და საკუთარ თავში და თავის თავს გადაჭრით აყენებს აღიარებული პოლარობის ერთ მხარეს. თავად ავტორის მთლიანი შინაგანი პოზიციაც ამგვარი ბუნებისაა. მისთვის სექსი არამხოლოდ ისაა, რასაც სული უნდა ებრძოლოს, არამედ დასავლეთი არის კაცობრიობის კულტურის დაბალი პოლუსი, რომელსაც უნდა ებრძოლოს აღმოსავლეთი. რადგან, როდესაც მხოლოდ ორი ტენდენცია არსებობს - ზემოთ სულისკენ და ქვემოთ მატერიისკენ - მაშინ დასავლეთი გამოდის მხარე, სადაც ბნელისკენ მიმართული ნაკადია გაბატონებული, ხოლო აღმოსავლეთი - სადაც სინათლით სავსე ნაკადი ბატონობს. ამასთანავე, კულტურული ევოლუციის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ დასავლური სიბნელე უნდა გადალახოს აღმოსავლურმა სინათლემ - თუმცა ამ პროცესში უნდა შენარჩუნდეს დასავლური ინტელექტი.

ამ ცალმხრივობას მოყვება საკმაოდ განსაზღვრული მორალური პოზიციაც. რადგან „საიდუმლო დოქტრინა“ არჩევს მხოლოდ ზემოთასა და ქვემოთას შორის ოპოზიციას, კონცეფციები კარგისა (რომელსაც ღირს, რომ მივყვეთ) და ბოროტისა (რომელსაც უნდა ვებრძოლოთ) ხდება სინონიმები შესაბამისად სულიერი სწრაფვისა და მიწიერი სწრაფვის კონცეფციებისა. ის, რაც ათავისუფლებს ადამიანს დედამიწისგან, არის ის, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ, ხოლო იმას, რაც მას დედამიწაზე აბავს, უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ მორალური კითხვა: შეიძლება თუ არა იყოს ბოროტების ელემენტი სულიერ სწრაფვაში, ან გარკვეული სიკეთე - მატერიალურში? - უცხოა „საიდუმლო დოქტრინისათვის“. ასე რომ, ნამდვილად გასაგებია, თუ რატომ განიხილავს „საიდუმლო დოქტრინა“ ლუციფერს კაცობრიობის ლიდერად, ხოლო იაჰვეს, მთვარის ღმერთს, გამრავლების სურვილის ბნელ ძალად. „საიდუმლო დოქტრინა“ ხედავს მხოლოდ ლუციფერისა და არიმანის ანტითეზას. ავტორი განსაზღვრულად იზიარებს ლუციფერული პრინციპის თვალსაზრისს, ხოლო არიმანულს მთელი თავისი მგზნებარე ენერგიით ებრძვის. თუმცა ტრადიციული იდეები ერთი მხრივ იაჰვესი, ხოლო მეორეს მხრივ ქრისტესი, ძნელად თუ თავსდება ამ პოლარობაში. სამყაროს ასეთი დუალისტური წარმოდგენის შემთხვევაში იაჰვე უნდა განგვეხილა არიმანულ არსებად, ხოლო ქრისტე - ლუციფერულად. მაგრამ, თუ ამ გზით წავალთ, სისხლის საიდუმლო, ძველი აღთქმის ცენტრალური მისტერია, გაუბარი რჩება, ისევე როგორც ახალი აღთქმის მთავარი საიდუმლო - გოლგოთას მისტერია დარჩა მადამ ბლავატსკაიას წვდომის მიღმა. სიყვარულის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერიდან და ებრძვის ინდივიდუალურ ეგოიზმს საკუთარი მშობლების, შვილებისა და ძმების სიყვარულის გზით, შეუძლებელია აიხსნას არიმანული იაჰვეს იდეით. ისევე, როგორც შეუძლებელია გოლგოთას მისტერიის, როგორც დედამიწის მისტერიის, სიღრმის ჩაწვდომა, როდესაც ქრისტეს არსი წარმოდგენილია ლუციფერული სახით. თუ ჩვენ გავიაზრებთ იესო ქრისტეს, როგორც უბრალოდ მაღალი სამყაროს მოწმეს და მაუწყებელს, ამ თვალსაზრისიდან ვერ გავიგებთ სულიერი სიცოცხლის დედამიწის ყოფიერებაში ჩამოტანის მისტერიას. გოლგოთას მისტერიის მაგიური მნიშვნელობა, მისი ყველაზე სასიცოცხლო მნიშვნელობის ასპექტი, დაფარული რჩება გააზრების ასეთი ფორმისათვის. მადამ ბლავატსკაია ქრისტეს ხედავს, როგორც მხოლოდ ზემოთ წამყვან ძალას, ხოლო ის, რომ ქრისტე სულიერ ძალთა უდიადესი ჩამომტანია, დამალული რჩება მისთვის. მას არ აქვს წვდომა იმისა, თუ რა არის არსობრივი ქრისტიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბლავატსკაია ნამდვილად ლაპარაკობს ქრისტიანულ ეზოთერიკაზე, აქ მხოლოდ იმ ძველ ეზოთერიკას გულისხმობს, რომელიც არსებობს ქრისტიანობაში. იმის შესახებ კი, თუ რა არის მასში ახალი, რაც სამყაროში დაიბადა ქრისტიანობის, როგორც მისტიური ფაქტის გზით, „საიდუმლო დოქტრინას“ არაფერი აქვს სათქმელი.

ის, რაც ახალია ქრისტიანობაში, როგორც კოსმიური მოვლენა, დგას ცენტრალური სვეტის სახით რუდოლფ შტაინერის „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“. ისევე როგორც „საიდუმლო დოქტრინაა“ ორიენტირებული ერთი წერტილისკენ, კონკრეტულად კი ცოდვით დაცემისაკენ, ასევე „იდუმალთმეტყველების ნარკვევს“ აქვს გოლგოთას მისტერია იმ ცენტრალურ წერტილად, რომელისკენაცაა ყველაფერი ორიენტირებული. „საიდუმლო დოქტრინას“ მიზანია იყოს ინსტრუმენტი, რომლის გზითაც ხალხს შეეძლება ისწავლოს სქესებად დაყოფის მოვლენისა (ლემურიის ეპოქის შუა პერიოდიში) და იმის შესახებ, რაც მას მოჰყვა და ამ ცოდნიდან გამოიტანოს გარკვეული დასკვნები. ხოლო „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ ამოცანაა, იყოს მსგავსი ინსტრუმენტი გოლგოთას მისტერიასთან მიმართებაში, რომელიც აღსრულდა მეხუთე პოსტ-ატლანტიდური ეპოქის შუა პერიოდში.

ამ ფაქტიდან გამომდინარეობს რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვანი: „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ ეფექტი მკითხველის, პირველ რიგში, აზროვნებაზე და შემდეგ ნებელობაზე (რადგან აზროვნება ადრე თუ გვიან ნებელობად გარდაიქმნება) არის ძალიან განსხვავებული „საიდუმლო დოქტრინის“ ეფექტისაგან. ეს უკანასკნელი მკითხველს აყენებს არჩევანის წინაშე: ან სული, ან მატერია. ამ არჩევანის პრაქტიკული შედეგები ეწინააღდეგება ევროპელი ხალხის შინაგან წყობას, რადგან რეალურად მათ არ აქვთ მიდრეკილება ცალმხირვობისაკენ. მადამ ბლავატსკაიამ იცის ეს და ის არაერთგზის გვაფრთხილებს პრაქტიკულ ოკულტიზმთან დაკავშირებით: ევროპელისთვის თეორია საკმარისი უნდა იყოს, რადგან ის ნაკლებად არის მომართული იმისკენ, რასაც ბლავატსკაია ნამდვილ პრაქტიკულ ოკულტიზმს ეძახის, ანუ ის ოკულტიზმი, რომელიც შესაბამისობაშია „საიდუმლო დოქტრინის“ თეორიასთან. მხოლოდ აზიაშია შესაძლებელი პრაქტიკაში დაინერგოს ზემოთ ნახსენები „ან ეს, ან ის“ მიდგომა დამაკმაყოფილებელი ხარისხით.

ამ მიზეზის გამო, საიდუმლო დოქტრინა არ შეიცავს ხელდასხმის გზის აღწერას ისეთი ფორმით, რომ პრაქტიკაში დანერგვისათვის იყოს გამიზნული. მადამ ბლავატსკაია, ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა ადგილებში, ცდილობს აჩვენოს ევროპელ მკითხველს, რამდენად უიმედოა მისთვის აღმოსავლური ოკულტიზმის გზას დადგომა. ამისათვის პირველ ნაბიჯად საჭირო იქნებოდა, უარი ეთქვა მას მთელი თავისი ევროპული ბუნებისათვის, რადგანაც ის, როგორც ასეთი, არის დაბრკოლება.

იმის გამო, რომ „საიდუმლო დოქტრინა“ გარდა თეორიული მონიზმისა, შეიცავს პრაქტიკულ დუალიზმს, მას არ შეუძლია შესთავაზოს გზა ევროპელებს. „იდუმალთმეტყველების ნარკვევი“ კი შეიცავს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ მონიზმსაც. ამიტომაც მისი პრაქტიკული შედეგები განხორციელებადია ევროპელი ადამიანებისათვის. წიგნი შეიცავს ხელდასხმის პირობების, მეთოდებისა და გამოცდების დეტალურ აღწერას. ამ გზას შეიძლება გაყვეს ნებისმიერი კეთილი ნების ადამიანი, რადგანაც ის არის შესაფერისი ევროპელი ადამიანების ბუნებასთან.

“პრაქტიკული მონიზმი“ - მონისტური მიდგომა - „არამხოლოდ - არამედ“, ნაცვლად დუალისტური „ან ეს, ან ის“ მიდგომისა, არის რეალურად ქრისტეს იმპულსი, რაც წარმოადგენს „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ ცენტრალურ მნიშვნელობას. ამ წიგნის უმთავრესი ამოცანაა, ჩვენი დროის შემეცნებისთვის გასაგები გახადოს ქრისტეს იმპულსის კოსმიური ქმნადობა, როგორც გოლგოთას მისტერიამდე, ისე მის შემდეგ. „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“ მკითხველს ხვდება არა დუალობა, არამედ სამმაგობა. ის ეტაპობრივად სწავლობს, რომ გარდა სინათლისა და სიკვდილის მისტერიებისა, არსებობს მესამე უფრო დიადი - სიცოცხლის მისტერია იმ ნათლისა, ვინც გაიარა სიკვდილი. ის ასევე იგებს, რომ როგორც სულიერებისკენ სწრაფვა შეიძლება იყოს ეგოისტური, ასევე შესაძლოა დედამიწის სამყაროში დაღმასვლა იყოს დაცლილი ეგოიზმისგან; აგრეთვე სწავლობს, დაინახოს არამხოლოდ ბოროტება ქვემოთ და სიკეთე ზემოთ, არამედ პირიქითაც - ბოროტება ზემოთ და სიკეთე ქვემოთ. ის სწავლობს, გამოარჩიოს სინათლეში ელოჰიმის სისავსე ლუციფერის ბრწყინვალებისგან, ხოლო სიბნელეში - იაჰვეს ვერცხლისფერი ნათება არიმანის ცივი და მომაკვდინებელი სუნთქვისაგან; და რომ, როგორც შვიდფერა ცისარტყელა, მოელვარე ქრისტეს იმპულსი ხიდად იდება სინათლესა და წყვდიადს შორის არსებულ უფსკრულზე.

ეს “შვიდფერა ცისარტყელა” არის იმპულსი და შესაძლებლობა იმ თვალსაზრისისათვის, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ “პრაქტიკული მონიზმი”. ის ერთმანეთთან აკავშირებს ორ საპირისპირო ძალას - სინათლესა და სიბნელეს - და ამით ქმნის მესამეს. ცოდნა და მოქმედება უკავშირდება ერთმანეთს კოსმიური სიყვარულის პრინციპით და ეს ცოდნის ქმედებაშად ტრანსფორმაციას ხდის შესაძლებელს. ამით გასაგები ხდება ხელდასხმის გზის აღწერის გამოქვეყნების აზრი „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“. ამ წიგნში ცენტრალური ადგილი რომ არ ჰქონდეს დათმობილი ქრისტეს იმპულსს, ის ვერ შესთავაზებდა თანამედროვე კულტურის ადამიანებს პრაქტიკულად გასავლელ გზას. მასში ისე, როგორც „საიდუმლო დოქტრინაში“, მხოლოდ მსოფლაღქმის ასპექტები იქნებოდა მოცემული. უაზრობა იქნებოდა საზოგადოებისთვის ისეთი გზის შეთავაზება, რომლის გავლაც მხოლოდ გარკვეული მიდრეკილებების ადამიანებისთვისაა შესაძლებელი: ადამიანებისთვის, რომლებიც ისევე ცალმხრივად არიან დაჯილდოვებულნი სულიერი ცხოვრების უნარით, როგორც, მაგალითად, მოვაჭრე - მატერიალური ცხოვრების უნარით. მაგრამ გზა აღწერილი „იდუმალთმეტყველების ნარკვევში“ შესაძლებელია გაიაროს ნებისმიერმა, რადგან ის უკავშირდება ადამიანში იმას, რაც მიისწრაფვის ქვენასი და ბნელის ამაღლებულად, სინათლედ გარდაქმნისაკენ. ამ გზაზე ადამიანური ბუნების ორივე პოლარობა არის გათვალისწინებული. რაც უნდა გარდაიქმნას აქ ისეთივე ღირებულადაა მიჩნეული, როგორც ის, რაც უკვე გარდაიქმნა.

ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, როზენკროიცერული ტრანსფორმაციის ეს გზა, არის პირდაპირი შედეგი ქრისტეს იმპულსის კოსმიური ქმედებების შესახებ ცოდნისა. მაშინ როცა, ქრისტეს იმპულსის ცოდნის არარსებობა ოკულტურ ნაკადში - რაოდენ წმინდა და ძველიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებლს ხდის ევროპელი ადამიანებისთვის ამ გზაზე გავლას, გზაზე, რომელსაც შეეძლო რეალური პროგრესისაკენ გაძღოლოდა მათ.

ოკულტურ ნაწერებში, როგორებიც არის ჩვენს მიერ აქ შედარებული ორი ნაშრომი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ არამხოლოდ მასში მოთხრობილის ჭეშმარიტების შესახებ, არამედ იმის შესახებაც, თუ რამდენად სრულია ეს ჭეშმარიტება. რადგან არასრულ ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანის მთელი პრაქტიკული სწრაფვა ჩიხში შეიყვანოს. ამიტომ როდესაც განვიხილავთ ოკულტურ ნაწერებს, ჩვენ უნდა ვიკითხოთ: რა გამომდინარეობს მათგან ჩვენი ცხოვრებისათვის? ამ კითხვის დასმით, ადამიანი მიდის გარკვეულ პასუხებამდე იმ წიგნებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა განვიხილეთ: კონკრეტულად კი იქამდე, რომ ევროპელს მხოლოდ მცირედი დოზით შეუძლია „საიდუმლო დოქტრინა“ შეიტანოს საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ როდესაც „იდუმალთმეტყველების ნარკვევის“ გზით ცხოვრების მიზნები იხსნება მისთვის.


თარგმნის წყარო:
https://southerncrossreview.org/57/tomberg.htm


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 16 2020, 09:13 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თეოსოფისტების გაერთიანებული ლოჟა

ექსტრასენსორული არ არის სულიერი


ექსტრასენსორული სამყარო არ არის იგივე, რაც სულიერი სამყარო. ექსტრასენსორული უნარები და ძალები არ არის იგივე, რაც სულიერი უნარები და ძალები. რეალურად, არაფერი სულიერი არაა ექსტრასენსად ყოფნაში.

მრავალი ადამიანი ერთმანეთში ურევს ამ ორ რამეს და, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ „ექსტრასენსორული“ და „სულიერი“ ფაქტიურად სინონიმებია და, რომ ვინმე, ექსტრასენსორული უნარებით - გნებავთ უბრალოდ დაჩემებულით ან რეალურად დადასტურებულით - უეჭველად სულიერად განვითარებული ან ევოლუციურად წინ წასული უნდა იყოს.

გაურკვეველია ეს თავისებური წარმოდგენა საიდან იღებს სათავეს, მაგრამ სრულიად ცხადია, რომ ამგვარ შეხედულებას არასდროს არ უჭერდა მხარს ისტორიაში არცერთი სულიერი თუ ეზოთერული ტრადიცია. ძველი სიბრძნის ყველა სწავლება და წარდგენა, ნებისმიერ ერში და ნებისმიერ დროს, ყოველთვის ძალიან ცხად და მკაფიო ზღვარს ავლებდა ექსტრასენსორულსა და სულიერს შორის.

ე.პ. ბლავატსკაია, თეოსოფისტური მოძრაობის დამაარსებელი, არასდროს ზოგავდა თავის კრიტიკასა და გულწრფელ გაფრთხილებებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამჯობინებენ ექსტრასენსორულ რეალობებში და ექსტრასენსორული ტიპის გამოცდილებებში ჩაძირვას, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად გამოიყენონ საკუთარი გონება, ინტელექტი და გასწიონ პირადი ძალისხმევა სწორი სულიერი პროგრესისათვის.

ის ხსნიდა, რომ ექსტრასენსს მხოლოდ იმისი უნარი აქვს, რომ დაინახოს მატერიალური სიმკვრივის იმისაგან განსხვავებული შრე, რასაც ხედავს ჩვეულებრივი ადამიანი. მაგრამ ის დონე, რომელსაც ისინი ხედავენ და აღიქვავენ, არის, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მატერიალური და მხოლოდ ოდნავ მაღლაა ფიზიკურ დონესთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რაოდენ გასაოცრად და ამაღელვებლად არ უნდა ეჩვენებოდეს თავად ექსტრასენსს საკუთარი გამოცდილება.

როდესაც ვიყენებთ ტერმინ „ექსტრასენსს“, ჩვენ მხოლოდ მათ არ ვგულისხმობთ ვინც თავის წარადგენს ექსტრასენსად და ხალხს სთავაზობს (ან ყიდის - როგორც უფრო ხშირად ხდება) საკუთარ „ექსტრასენსორულ სერვისებს“, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანებიც მოიაზრებიან ამ ტერმინში. მაგრამ ექსტრასენსი არის ნებისმიერი, ვისაც აქვს გარკვეული სახისა და ბუნების გამოცდილებები.

ეს გამოცდილებები ჩვეულებრივ ხასიათდებიან ა) უკიდურესად ფანტასტიკური, სენსაციური, სენტიმენტალური და დრამატული თვისებებითა და შინაარსით, ბ) ექსტრასენსის საკუთარ ვითომდა დიდ სულიერ მნიშვნელობაზე, სიდიადეზე ან მაღალ ბუნებაზე ხაზგასმითა და ფოკუსირებით და გ) თავისებური შეგრძნებებით, როგორიცაა მაგალითად „ანგელოზთა შეხების“ გრძნობა, ან მოჩვენებითი ვიზიტების მიღება ისეთი ადამიანებისაგან, როგორებიც არიან იესო, ბუდა, ან მარიამ ღვთისმშობელი, ან ხმების მოსმენა, რომელთაც მათი მიმღები მიიჩნევს სულიერი ან ღვთაებრივი არსებებისგან მომდინარედ.

ნებისმიერს, ვისაც გამოუკვლევია თანამედროვეობის სულიერი სცენა, ეცოდინება, რომ ასეთი ადამიანები ათიათასობით მოიპოვებიან მთელი დედამიწის მასშტაბით, განსაკუთრებით კი აქ - დასავლეთში, სადაც უმეცრება ექსტრასენსორიზმის დაბალი ბუნების შესახებ უფრო მეტადაა გაბატონებული ვიდრე აღმოსავლეთში.

ეს ადამიანები - ექსტრასენსები - საკმაოდ ხშირად იუწყებიან, რომ აქვთ წინა ცხოვრებებთან დაკავშირებული ხილვები ან მოგონებები, ან მომავლის ხილვები, ან სხეულიდან გასვლის გამოცდილებები, რომლებსაც ხანდახან აქვთ ყოველდღიური ან ყოველ დღე რამოდენიმეჯერ გამეორებადი ხასიათი. უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანებს უკიდურესად აბსურდული შეხედულებები აქვთ სხვა და სხვა საკითხებზე, განსაკუთრებით კი საკუთარ მნიშვნელობისა და უნარების მასშტაბებზე, და ყოველთვის მიდრეკილნი არიან, რომ ყველა საკუთარი გამოცდილება მიიღონ, როგორც ზუსტი და შეუცდომელი, და იმაზე დასაფიქრებლადაც კი არ ყოვნდებიან, რომ საქმე შეიძლება სხვაგვარად იყოს.

ისინი ასევე ხსშირად იხიბლებიან ისეთი საქმიანობებითა და მიმდინარეობებით, როგორიცაა მედიუმობა, სპირიტუალიზმი, ჩენელინგი, მიყვებიან ნიუ ეიჯ მოძრაობის სხვა და სხვა მიმდინარეობებს, როგორებიცაა მაგალითად „სინათლის მსახურების“ [Lightworker] ან „ამაღლების“ [Ascension] მიმდინარეობები, „ანგელოზთა კითხვა“, კრისტალები და სხვა მრავალი ამის მსგავსი, და მიდრეკილნი არიან, იყვნენ სრულიად დაუინტერესებლები ან დამცინავებიც კი სულიერების ნებისმიერი ფორმის მიმართ, რომელსაც აღმოაჩნდება ავთენტური, ინტელექტუალური, ლოგიკური ან ფილოსოფიური საყრდენი. ნაცვლად აზროვნებისა, ისინი ამჯობინებენ გრძნობებსა და შეგრძნებებს. ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან გულზე ორიენტირებულები, მაგრამ არასდროს არ აერთებენ რეალურად გულსა და თავს, რაც არის იდეალი.

ადამიანისთვის შედარებით ადვილია ექსტრასენსორული გამოცდილებების ქონა. ზოგს ასეთი მიდრეკილებები წინა ცხოვრებებიდან მოაქვს, მაშინ როდესაც სხვები ასეთ უნარებს ამ ცხოვრებაში ივითარებენ, ხშირად არაგანზრახ, ისეთი დამაზიანებელი სულიერი პრაქტიკების გამოყენების შედეგად, როგორებიცაა კუნდალინის ენერგიის გამოღვიძების მცდელობა, ან სხვა განზომილებების არსებებთან კონტაქტის დამყარების ცდა, მესამე თვალის გახსნის ცდა, ან არადისციპლინირებული მედიტაცია, და ასე შემდეგ.

ექსტრასენსორული სამყარო ფიზიკურ სამყაროზე მხოლოდ ერთი საფეხურით ზემოთაა და რეალურად დიდწილად ერევა და კვეთს მას. ამის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია უფრო ცხადად გავიგოთ თუ რატომაა ექსტრასენსორული პლანი - ანუ ასტრალური პლანი ან ასტრალური შუქი, როგორც ასევე ცნობილია თეოსოფიაში - აღწერილი, როგორც უხილავი ატმოსფერო, რომელიც აკრავს მიწიერს და სადაც წარუშლელად აღიბეჭდება ყოველი აზრი, სიტყვა, ემოცია, წარმოდგენა, გამოცდილება და მოქმედება კაცობრიობის წარსულისა და აწმყოსი. სრულიად რეალური მნიშვნელობით ეს არის ერთგვარი „კოლექტიური არაცნობიერი“. მისი შემცველობა, სურათხატები თუ მაცხოვრებლები მომდინარეობენ ცალსახად ფიზიკური პლანიდან.

ამდენად ექსტრასენსორიზმი არის მიწიერი და მატერიალური თავისი ბუნებით და არა სულიერი და ღვთაებრივი. ამ უკიდეგანო რეალობაში შესვით, ადამიანი კარებს უხსნის საკუთარ თავს საცდურებისაკენ, ილუზიებისაკენ და დაბნეულობისაკენ. რადგანაც ის სავსეა სურათებით, პეიზაჟებითა და არსებებით, რომლებიც გამოიყურებიან რეალურებად და ნამდვილებად, ამიტომ ძალიან ადვილად აცდენს გზიდან არამარტო ექსტრასენსს, არამედ ნებისმიერს ვინც საკმარისად სულელი და გულუბრყვილოა იმისათვის, რომ ერწმუნოს ასეთი ადამიანის სიტყვებსა და განცხადებებს.

შესაძლებელია ექსტრასენსს დროდადრო ჰქონდეს „გამონათებები“ უფრო მაღალი და უფრო სანდო განზომილებიდან, მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და, როგორც წესი, ამ შემთხვევაშიც კი, ეს „გამონათებები“ იმდენად არიან შეფერადებული ექსტრასენსორულ-ასტრალური ბუნების მოვლენებით, რომ ხდებიან ფაქტიურად გამოუსადეგარნი და გაუშიფრავნი. მადამ ბლავატსკაია ახასიათებდა ექსტრასენსორულ განზომილებას, როგორც „დიდ მატყუარას“ და ხაზს უსვამდა, რომ ექსტრასენსორულ ხედვას არასდროს არ შეუძლია გააღწიოს ასტრალურ პლანს მიღმა, რომელზეც ის ამბობდა, რომ არის ყველაზე მეტი სიცრუისა და ილუზიების განზომილება.

მართალია, რომ არსებობს ასტრალურის შვიდი ქვე პლანი, რადგან ყველა გამოვლინება არის შვიდსახოვანი ბუნების, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, ადამიანს რომ შეეძლოს მისწვდეს ასტრალურის უმაღლეს ქვე პლანს, ის მაინც დარჩება დედამიწის ექსტრასენსორულ ატმოსფეროსა და მიზიდულობის სივრცეში, რომელიც სავსეა კაცობრიობის ფსიქიკური ნაგვით, ნაგვით რომელიც მეტწილად არის უფრო ბოროტი და ზიანისმომტანი ვიდრე კარგი და სასარგებლო.

ჭეშმარიტი ნამდვილი ნათელხილვა, ნათელსმენა და ასე შემდეგ, არის არა ექსტრასენსორული, არამედ სულიერი. ამ ორს შორის განსხვავება ისეთივეა, როგორც განსხვავება დღის სინათლესა და სიბნელეს შორის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაღალგანვითარებული სულები ვინც ფლობენ ჭეშმარიტ სულიერ ნათელხილვას, ყოველთვის დუმან ამის შესახებ და მუშაობენ ფარულად, ბრძნულად და საზრიანად კაცობრიობის კეთილდღეობისათვის, საკუთარ თავზე რაიმე ფორმით ყურადღების მიქცევის გარეშე. მათ იციან, რომ მუშაობენ სულიერების წმინდა რეალობაში და ექსტრასენსორული სფეროს მღვრიე წყლებს ერიდებიან როგორც ჭირს.

მასწავლებელი კუთ ჰუმი წერდა, რომ 99% ეგრედ წოდებული სულიერი გამოცდილებებისა ფაქტიურად არის მცდარი. ისინი ამ შემთხვევებში არიან არა სულიერი გამოცდილებები, არამედ ექსტრასენსორული ილუზიები. ნებისმიერმა ვისაც დაუყოვნებლივ არ შეუძლია განასხვაოს, ან, მით უმეტეს, თუ არც აღიარებს ამ სხვაობას, თავი შორს უნდა დაიჭიროს ყოველივე ასეთი საგნებისაგან, მათივე საკუთარი თავისა და უსაფრთხოების გულისთვის და ამის ნაცვლად კონცენტრირდეს უფრო რეალურად მნიშვნელოვანზე და სასარგებლოზე, როგორიცაა დღიური ცხოვრებისა და აზრების გასუფთავება, კონცენტრირებისა და ყურადღების კულტივირება თითოეულ საქმეზე, დანერგოს მაქსიმალური სიყვარული და თანაგრძნობა ყველა არსების მიმართ, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების მიმართაც, და ისწავლოს, ჩართოს გონება და ინტელექტი სერიოზულ სულიერ შემეცნებასა და ფილოსოფიურ აზროვნებაში.

როგორც ნაჩვენები იყი, ექსტრასენსორული სფერო დგას ბარიერის სახით ადამიანსა და მაღალ სულიერ სამყაროებს შორის. ის არის არა დახმარება სულიერი ცხოვრებისათვის, არამედ ზიანისმომტანი დაბრკოლება. არაფერი სულიერი არ არის ექსტრასენსად ყოფნაში.

მაგრამ ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ზემოთნახსენები მაღალსულიერი ნათელხილვა, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, კეთილგონიერები და თავმდაბლები და მივიღოთ, რომ ჩვენგან ძალიან ცოტას აქვს შანსი ასეთი დონის მიღწევისა და ასეთი უნარების გამომუშავებისა ამ ინკარნაციის განმავლობაში. მაგრამ მერე რა მოხდა? ჩვენ არ ვდგავართ ამისი რეალური აუცილებლობის წინაშე. ის, რასაც ჩვენ გადაუდებლად უნდა ვავითარებდეთ, ვაპრაქტიკებდეთ და ვსრულყოფდეთ არის სიყვარულის, სიბრძნისა და თანაგრძნობის თვისებები.

რაც ჩვენ უნდა ვატაროთ გონებაში, არის ეს დასამახსოვრებელი სიტყვები „მდუმარების ხმიდან“: „კაცობრიობის სარგებლობისთვის ცხოვრება არის პირველი ნაბიჯი. პრაქტიკაში დანერგვა ექვსი დიადი სათნოებასა - არის მეორე.“ ექვსი სათნოება არის „პარამიტები“ რაზეც მაჰაიანა ბუდიზმშია ლაპარაკი: „დანა“ (გაცემა), „შილა“ (მორალური დისციპლინა), „კშანტი“ (მოთმინება), „ვირია“ (ძალისხმევა), „დჰიანა“ (მედიტატიური კონცენტრაცია) და „პრაჯნა“ (სიბრძნე). ეს არის ის, რასაც თეოსოფია უწევს რეკომენდაციას, ნაცვლად ექსტრასენსორული უნარების განვითარების მცდელობისა.

მართალია, რომ პარამიტების ცნებები, სიყვარულის, თანაგრძნობისა და კაცობრიობისთვის უანგარო მსახურებისა, შეიძლება არ ჟღერდეს ისე ამაღელვებლად და დამაინტრიგებლად, როგორც ზოგიერთი ექსტრასენსორული გამოცდილებები, მაგრამ ესენია რეალურად სულიერი და ამუშავებენ სამშვინველსა და ადამიანის მაღალ უნარებს, რომლებიც გაცილებით უფრო ზენა ბუნებისაა ექსტრასენსორულთან შედარებით. მათ მარადიული და მუდმივი ღირებულება აქვთ და წარმოადგენენ მყარ საფუძვლებს ნამდვილი სულიერი უნარებისა და ძალების განსავითარებლად შემდეგ ცხოვრებებში. მაშინ, როცა ექსტრასენსორული რეალობის გამოცდილებები და პრაქტიკები, ყველაფრის გათვალისწინებით, არის ფაქტიურად უსარგებლო.

ისინი არიან ღირებულნი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გააცნობიერებს და ისწავლის მათ ილუზორულ და მაცდურ ბუნებას და ამდენად შეწყვეტს ნდობის გამოცხადებას მათთვის და შეაჩერებს მოთხოვნილებას მათ მიმართ.

შეუძლებელია იმის თქმა, რამდენმა ასობით და ათასობით ადამიანმა, რომელთაც შეეძლოთ პოზიტიური და ეფექტური ცვლილება მოეხდინათ სამყაროში, დაამთავრეს განადგურებულებმა და დასახიჩრებულებმა, რადგან ჩაცვივდნენ ექსტრასენსორიზმის ფართოდ გაღებულ მახეში. ეს არის ერთ-ერთი მედოთი, რომელსაც კაცობრიობის მტრები იყენებენ, რათა ძირი გამოუთხარონ პოტენციური მაგრამ გაუთვითცნობიერებელი ადამიანების სულიერ პროგრესს, რომლებიც სხვაგვარად გახდებოდნენ სულიერი მიზნების ეფექტური წარმომადგენლები მსოფლიოში.

გვაქვს იმედი, რომ ეს სტატია გარკვეულწილად მაინც დაეხმარება სხვებს, რათა არ დაუშვან ასეთი შეცდომა.

„ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ბუდამ უთხრა თავის მოსწავლეებს: იქადაგეთ, გააცხადეთ, განმარტეთ, აღწერეთ და დეტალურად ცხადად აქციეთ ყველა დიადი რამ, რაც გისწავლიათ. ეს არის ჩვენი საქმე, და არა განსაცვიფრებელი რამეების გამოტანა ნათელხილვისა და სხვა ასტრალური თემების შესახებ, ან მეცნიერებისთვის თვალის დაბრმავება ისეთი აღმოჩენებით, რომლთა გაკეთებაც შეუძლებელია მათთვის, მაგრამ ადვილია ოკულტისტისთვის. მასწავლებლის გეგმა უცვლელი რჩება. მან ის გადმოსცა დიდი ხნის წინათ. ეს იმისათვის, რომ სამყარო მთლიანობაში ვაქციოთ უკეთესად, მოვამზადოთ სწორი ნიადაგი მშვინვიერ ძალთა აღმოცენებისათვის, რომლებიც არიან საშიშნი, თუ ისინი ამოიზრდებიან ჩვენს ახლანდელ ეგოისტურ ნიადაგზე. შავი ლოჟა კი არ ცდილობს ექსტრასენსორული უნარების განვითარების შეკავებას, არამედ თეთრი. შავი კმაყოფილი იქნებოდა ყველა ექსტრასენსორული უნარი უკვე სრულად რომ გამოღვიძებულიყო, რადგან ჩვენი ბოროტი, სულმდაბალი, პირფერი და ფულის მომხვეჭელი ხალხი მალევე მოახერხებდა მთელი რასის წალეკვას.“ - უილიამ ქუან ჯაჯი - „ციკლის დასრულება“.


თარგმნის წყარო:
https://blavatskytheosophy.com/the-psychic-...-the-spiritual/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 4 2020, 09:04 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თეოსოფისტების გაერთიანებული ლოჟა

უფრთხილდით ვარსკვლავურ რიშებს


ე.პ. ბლავატსკაიამ ერთხელ ერთი შეხედვით ბუნდოვანი განცხადება გააკეთა - უფრო ზუსტად კი გაფრთხილება, რომელიც თავსატეხს უჩენდა და აბნევდა თეოსოფისტების ნაწილს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში:

„ისინი, ვინც განეშორნენ ჩვენს ცოცხალ ადამიან მაჰათმებს და ჩაცვივდნენ საპტარიშების - ვარსკვლავური რიშების ხელში, არ არიან თეოსოფისტები.“

ეს განცხადება გვხვდება მის ერთ-ერთ პირად წერილში, რომელიც გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ სტატიაში „ის მკვდარია, მაგრამ მაინც ლაპარაკობს“, ეს სტატია შესულია წიგნების სერიის “H.P. Blavatsky Theosophical Articles” პირველ ტომში, რომელიც გამოქვეყნდა “Theosophy Company”-ის მიერ.

ბევრი დამოუკიდებლად ფიქრობდა იმაზე, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. ცხადია, რომ „ცოცხალი ადამიანი მაჰათმები“ აღნიშნავს აღმოსავლეთის ადეპტებს, ანუ მასწავლებლებს [Masters], რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ თეოსოფიურ მოძრაობასთან და თვით ბლავატსკაიასთან.

როგორც ბლავატსკაია უსვამდა ხაზს ყოველთვის და თავად სიბრძნის მასწავლებლებიც - თეოსოფისტებისადმი მიწერილ წერილებში [“The Mahatma Letters”]: ისინი უშუალოდ აქ არიან, ფიზიკურ პლანზე, ფიზიკურ განსხეულებაში, რადგან სწორედ აქ არიან საჭირონი.

ამდენად ისინი არიან „ცოცხალი ადამიანი მაჰათმები“ და არავითარი „ამაღლებული მეუფეები“ ან რაიმე ამის მსგავსი. „ამაღლებული მეუფეები“ არის ამერიკელი თაღლითის გაი ბალარდის [Guy Ballard] მიერ პირველად 1930-იან წლებში ფანტაზიით შექმნილი და გავრცელებული კონცეფცია. ამ ადამიანის მიმდევრები დღეს თაყვანს სცემენ მას, როგორც „ამაღლებულ მეუფე გოდფრი რეი ქინგს“ [“Ascended Master Godfre Ray King”].

ბლავატსკაიას მიერ ნახსენები „ვარსკვლავური რიშები“ აშკარად რაღაც საწინააღდეგონი არიან ნამდვილი მასწავლებლებისა და წარმოადგენენ იმის საპირისპიროს, რასაც - რეალური მასწავლებლები. ამდენად ისინი, ვინც საკუთარ თავს აძლევენ უფლებას ჩამოსცილდნენ ნამდვილი მასწავლებლების იმპულსსა და სწავლებას და ხვდებიან ამ სხვა არსებების ზეგავლენის ქვეშ - „არ არიან თეოსოფისტები“.

უილიამ ქუან ჯაჯმა შემოგვთავაზა ამ საკითხის ახსნა 1892 წლის აგვისტოს “The Vahan”-ში, როდესაც მან დაწერა შემდეგი: „საპტარიშები, როგორც ნაგულისხმევია ბლავატსკაიას მიერ, არიან ძალიან განვითარებული ელემენტალების კლასი, რომლებსაც ხანდახან შეუძლიათ ადამიანებთან კომუნიკაცია და მოჩვენებითი ცოდნის წყალობით ახერხებენ ადამიანებს აფიქრებინონ, რომ არიან მაღალსულიერი არსებები.”

ასე რომ ვარსკვლავური რიშები არიან ძალიან მაღალგანვითარებული ელემენტალების ჯგუფი, რომლებიც თავს ასაღებენ მაღალსულიერ არსებებად და ჩვეულებისამებრ ირქმევენ გრანდიოზულ სახელებს, რომლებიც ხშირად კავშირშია ვარსკვლავებთან, თანავარსკვლავედებთან ან მსგავს ობიექტებთან, იმისათვის, რომ მოატყუონ, შეცდომაში შეიყვანონ და ჭეშმარიტებიდან შორს ამყოფონ ადამიანთა ყურადღება.

თეოსოფიური მოძრაობის ადრეულ დღეებში ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო იმის გაგება, თუ რაზე ლაპარაკობდა ბლავატსკაია, როდესაც გამოქვეყნდა მისი შენიშვნა ვარსკვლავური რიშების შესახებ. მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ზუსტად დავინახოთ რაზე ჰქონდა მას საუბარი.

ნიუ ეიჯ მოძრაობაში ახლანდელი მანია და აკვიატება ვითომდა სულიერი არსებების ან ჩენელინგის შეტყობინებებისა, რომლებიც მოდიან სირიუსიდან ან ორიონიდან; ან არქტურელები და ეგრედ წოდებული „სინათლის გალაქტიკური ფედერაცია“ - ძალიან ცხადად ასახავენ ვარსკვლავური რიშების ბუნებასა და საქმიანობას.

ათასობით და ათიათასობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გულწრფელად სჯერათ საკუთარ თავზე, რომ არიან არქტურელები, ან, რომ მოვიდნენ დედამიწაზე სხვა სამყაროდან, როგორც „ვარსკვლავური მარცვლები“, ან, რომ არიან „მეფე რა-რა-ომ ანდრომედელის“ ან „კრისტალური კუნდალინის განზომილების ინტერგალაქტიკური დედოფლის“ რჩეული ჩენელები - ან სხვა მსგავსი აბსურდი, რომელიც ხშირად მოიცავს აღმოსავლური წმინდა ტერმინების მკრეხელურ დესაკრალიზაციასა და არასწორ გამოყენებას. „აშტარის დანაყოფის ეკიპაჟი“ [“Ashtar Command Crew”] არის ამის მჭახე მაგალითი.

მთელი ამ ფანტაზიისა და ბოდვის მიღმა კონკრეტული უსიამოვნო ბუნების არსებები დგანან და როგორც ჩანს მათი განზრახვაა იმ პოტენციური სარგებლის განადგურება, რომელიც კარგ სულიერ ადამიანს შეიძლებოდა მოეტანა კაცობრიობისათვის; და ამას ისინი ცდილობენ ადამიანების გაბმით ექსტრასენსორიზმის მაცდურ სფეროში, რომლიდანაც ერთხელ შებიჯების შემდეგ ძალიან ძნელია თავის დაღწევა.

ნიუ ეიჯ მოძრაობა სხვა ბევრი არაფერია თუ არა ექსტრასენსორიზმის ორმო, რომელიც ეღობება კაცობრიობის ნამდვილი ახალი ეპოქის განთიადს იმაზე მეტად, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა რამ, რაც ადრეც გვაქვს ნათქვამი ისეთ სტატიებში, როგორებიცაა: „ექსტრასენსორული არ არის სულიერი“, ჩენელინგების საფრთხე და საცდური“ და „თეთრად შეღებილი შავი მაგია“.

ისინი, ვინც მოექცნენ ვარსკვლავური რიშების გავლენის ქვეშ, მიდრეკილნი არიან, რომ საერთოდ არ ჰქონდეთ არავითარი ინტერესი რეალური ფაქტების ცოდნის მიმართ, მათ არ აქვთ დრო ეზოთერული ფილოსოფიისა თუ სულიერი მეცნიერებისთვის, არ უყვართ აზროვნება და საკუთარი გონების გამოყენება, და ურჩევნიათ გვერდზე მოისროლონ ძველი და უკვდავი სიბრძნე და ამჯობინებენ სამეცნიერო ფატნასტიკის მსგავს ფანტაზიებს მთავარანგელოზებზე, რომლებიც კოსმიური ხომალდებით დაფრინავენ მსოფლიოს გარშემო ან მეუფეებზე (რომლებიც ხშირად ირქმევენ რეალური მასწავლბელბების სახელებს), რომლებიც პიკნიკისთვის დაიარებიან ირმის ნახტომის გალაქტიკაში.

ადამიანის ბუნებაში ჩანს, რომ რაღაც უცნაური ელემენტი უნდა იყოს, რომელიც იხიბლება ასეთი რამეებით. ჩვენ პირადად ვიცნობთ ნიუ ეიჯ ჩენელინგების ენთუზიასტებს, რომლებმაც პირდაპირ აღიარეს, რომ მათ ფანტაზია ურჩევნიათ რეალობას და, რომ იმის მიზეზი თუ რატომაც ირჩევენ ყურადღება დაუთმონ ისეთ რამეებს, როგორიცაა „სინათლის გალაქტიკური ფედერაცია“ („წყვდიადის ასტრალური ფედერაცია“ უფრო შესაფერისი სახელი იქნებოდა) არის ის, რომ მათთვის ეს არის „უფრო ამაღელვებელი“ ვიდრე ის, რასაც ნამდვილი მასწავლებლები წერდნენ და ასწავლიდნენ.

რა თქმა უნდა, ვინ მოისურვებს ისწავლოს და დანერგოს უფალი ბუდას რეალური სიტყვები - რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას, თვითდისციპლინასა და მუდმივ ძალისხმევას - როდესაც შესაძლებელია, რომ ამის ნაცვლად უბრალოდ შეხვიდე Youtube-ზე და მოუსმინო ასობით უახლესი ჩენელინგის შეტყობინებას, რომლებიც მიეწერება ბუდას და რომელთაგანაც ზოგიერთში ის შეიძლება ლაპარაკობდეს ნეპტუნზე არსებული თავისი აგარაკიდან ან „თორმეტი კოსმიური ყოვლისმბრყობელის საკრალური საბჭოს განსაკუთრებული შეხვედრიდან, რომელიც მიმდინარეობს მეშვიდე სხივის სპირალურ გალაქტიკა ექსცელსიორზე“?

შესაძლებელია მივყვეთ ასეთი ტიპის ცნობების კვალს მათ სათავეებამდე. წყაროების ამ გამოკვლევას მივყავართ ალისა ბეილის წიგნებამდე, რომელშიც გამოკვეთილია ვითომდა სულიერი ინფორმაცია სირიუსთან, პლეადებთან და დიდი დათვის თანავარსკვლავედთან დაკავშირებით და აქედან მოყოლებული ამ ყველაფერმა მიაღწია განსაცვიფრებელ კურიოზულობას დღევანდელ ნიუ ეიჯ ჟარგონებსა და ტრენდულ სიტყვებში.

დიახ, ვარსკვლავური რიშები ახლა ძალიან დაკავებულები არიან მუდმივი მცდელობებით, რომ გააბან მრავალი ადამიანის გონება და დააბრკოლონ კაცობრიობის ევოლუციის ნამდვილი სამუშაო და პროგრესი. ჩვენ უნდა გვქონდეს თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაიჭედნენ ასეთ რამეებში - ბევრი მათგანი უკვე ფსიქიკურად არის ავად, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვილაპარაკოდ მტკიცედ, რადგან კაცობრიობის მომავალი დაზარალდება მთელი ამ სახიფათო აბსურდის გამო.

თავდაპირველი და ნამდვილი თეოსოფიის სტუდენტები შესაძლოა ძალიან დიდ უმცირესობაში იყვნენ დღეს, მაგრამ ამისდა მიუხედავად ისინი ყურადღებას აქცევენ რობერტ ქროსბის რჩევას, მოცემულს “The Friendly Philosopher”-ში - „უსაფრთხო გზა არის ის, რომელზეც მიგვითითეს მაცნეებმა {ანუ ე.პ. ბლავატსკაიამ და უილიამ ქ. ჯაჯმა}: თქვენ გახსოვთ, რომ ბლავატსკაიამ თქვა: „უფრთხილდით ვარსკვლავური რიშების გზას“.“


თარგმნის წყარო:
https://blavatskytheosophy.com/beware-of-the-star-rishis/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 5 2020, 08:00 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თეოსოფისტების გაერთიანებული ლოჟა

თეთრად შეღებილი შავი მაგია


“არც თეთრი მაგია და არც შავი, არ არის ის, რასაც პოპულარული ცრურწმენა მოიაზრებს ამ ტერმინებში.” - ე.პ. ბლავატსკაია: „რა არის თეოსოფია?"


ჩვენი უმრავლესობისათვის ტერმინი „შავი მაგია“ მყისიერად იწვევს კუდიანების, ეშმაკის მსახურების ან სხვების დასაზიანებლად ან საკონტროლებლად გამიზნული სხვა და სხვა სახის შელოცვებისა და რიტუალების წარმოდგენებს. მართალია, ასეთი რამეებიც ნამდვილად შავი მაგიაა, მაგრამ არსებობს სხვა ბევრი რამეც, რაც ასევე შავი მაგიაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამას.

რეალურად ათი ათასობით სხვა მხრივ კარგი წესიერი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით არის შავი მაგი ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას. მრავალი პოპულარული სულიერი სწავლება და პრაქტიკა დღეს თითქმის სრულიად შავ მაგიური ბუნებისაა.

რას ვგულისხმობთ?

ეს არის ნამდვილი განსაზღვრება იმისა, თუ რა არის რეალურად შავი მაგია: სულიერი ძალების მიზანმიმართული გამოყენება ეგოისტური ან მატერიალური მიზნებისათვის.

თეთრი მაგია, მეორეს მხრივ, არის სულიერი ძალების მიზანმიმართული გამოყენება მხოლოდ სხვების დასახმარებლად და სასარგებლოდ.

შავი მაგიის ეს განსაზღვრება და გაგება არ არის ექსკლუზიურად თეოსოფიური. შავი მაგია ყოველთვის ასე განიმარტებოდა და განიხილებოდა საუკუნეების განმავლობაში. როდესაც რომელიმე სულიერ მაძიებელს აღმოაჩენდნენ, რომ იყენებდა სულიერ ან მენტალურ ძალას სიმდიდრის და ქონების მისაზიდან, ან მატერიალური და პიროვნული დაკმაყოფილებისათვის, - ასეთ ადამიანს სამარცხვინოდ რიცხავდნენ ტაძრიდან, მონასტრიდან, აშრამიდან თუ სულიერი თემიდან.

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ნამდვილი პროგრესი სულიერ ცხოვრებაში და შინაგანი განვითარებისკენ და სამშვინველის ზრდისაკენ მიმავალი გზა დამოკიდებულია თავდადებაზე, ალტრუიზმზე, თავმდაბლობაზე და მხოლოდ კაცობრიობისათვის სასარგებლოდ ცხოვრებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდსულოვან ეთიკაზე და პირად სისუფთავეზე ცხოვრებასა და ქცევაში.

ჩვენ ვიპოვით ყველაფერ ამას ცხადად გამოხატულს ბუდას, კრიშნას, იესოს, ჰერმესის, შანკარაჩარიას, ცონგ კა-პას, ლაო-ძის, ე.პ. ბლავატსკაიას და ყველა დიდი სულიერი მასწავლებლისა თუ მსოფლიო რეფორმატორის სწავლებებში, რომლებიც ჩნდებოდნენ ისტორიის სცენაზე საუკუნეების განმავლობაში.

ისტორიის მანძილზე ისეთ სწავლებებსა და პრაქტიკებს, როგორებიცაა „მიზიდულობის კანონი“ და „სურვილების მანიფესტაცია“ მიყვებოდნენ საიდუმლოდ სირცვილისა და სიბნელის საფარველის ქვეშ. საბოლოვოდ კაცობრიობამ მიაღწია ეგოიზმისა და მატერიალური სარგებლით შებყრობილობის ზენიტს და ამის შედეგად ასეთი სწავლებები და პრატიკები თანდათან გახდა პოპულარული და საზოგადოებისათვის მისაღები. ეს დაიწყო XIX საუკუნიდან და XX საუკუნეში დიდი სიჩქარითა და ენთუზიაზმით გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით.

რადგან ეგოიზმი და ძალაუფლებისა და ქონების სურვილი ასეთი ღრმად ფესვგადგმული ასპექტია დასავლურ სამშვინველში, სულიერებისკენ მიდრეკილი ადამიანების უმრავლესობას არასოდეს მოსდის თავში აზრად, რომ რაიმე საეჭვო და არასწორი შეიძლება იყოს დიდი სახლის, ლამაზი პარტნიორის ან მილიონერის სტატუსის მოზიდვისათვის ისეთი მეთოდების გამოყენებაში, როგორებიცაა ვიზუალიზაცია, აფირმაცია, „კეთილდღეობაზე ფიქრი“, „ოცნებების დაფა“ და სხვა ამათი მსგავსი.


მაგრამ არსებობს რაღაც არასწორი და საეჭვო ამაში - რადგანაც სწორედ ეს არის ის, რასაც წარმოადგენს შავი მაგიის განსაზღვრება.

არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ადამიანი ცხოვრებაში მიისწრაფვოდეს დიდი რამეებისკენ, მაგრამ როდესაც ის ცდილობს მიზანმიმართულად გამოიყენოს სულიერი და მენტალური ძალები ამ მიზნების მისაღწევად, მაშინ იქცევა ეს შავ მაგიად.

ნუ ჩამოგვართმევთ ისე, თითქმოს ჩვენ მიზანმიმართულ ბოროტებაში ვადანაშაულებდეთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან: Rhonda Byrne, მისი თანამშრომლები “The Secret”-ზე მუშაობაში, Bob Proctor, Catherine Ponder, Charles Fillmore, Wallace Wattles, Ernest Holmes, Joseph Murphy, “Abraham-Hicks”, the New Thought movement და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობთ, უძველესი სიბრძნის ტრადიციის ავტორიტეტზე დაყრდნობით არის ის, რომ ის სწავლებები და პრაქტიკები, რასაც ისინი ავრცელებენ სხვა არაფერია თუ არა შავი მაგია, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ცდილობენ მის თეთრად შეღებვას, იმისათვის, რომ სრულიად უწყინარ და უმწიკვლო რამედ წარმოაჩინონ.

ეგოისუტირი ან პირადი სურვილის ოდნავი ნიშანი ან მკრთალი კვალიც კი ნებისმიერ სულიერ პრაქტიკას აქცევს თეთრი მაგიიდან შავ მაგიად. მადამ ბლავატსკაიას მიერ მოყოლილი ძველი ტიბეტური გამოთქმა ამბობს, რომ მარჯვენა ხელის გზასა და მარცხენა ხელის გზას შორის (ანუ თეთრი მაგიისა და შავი მაგიის გზებს შორის) გამყოფი ზოლი არის ისეთივე თხელი, როგორიც ობიბას ქსელია.

როგორც ხედავთ, მთელი საკითხი იკვრება იმის მნიშვნელოვნებაში, რომ ადამიანმა მიაღწიოს სრული და აბსოლუტური ალტრუიზმისა და სურვილების არ ქონის მდგომარეობას, გარდა იმ სურვილისა, რომ დაეხმაროს და ემსახუროს კაცობრიობას. საბოლოვო ჯამში სულიერი ცხოვრება სწორედ ეს არის!

ყველა ტანჯვა გამოწვეულია სურვილებით, ყველა სურვილი გამოწვეულია უმეცრებით. სურვილების მსხვერპლად შეწირვა არის ყველა რეალური სულიერი ძალისხმევის მიზანი [სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს არასწორი სურვილები]. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ასე სრულყოფილად გადმოსცა უფალმა ბუდამ თავის სწავლებასა და ფილოსოფიაში, ხოლო მასზე უფრო ადრე - კრიშნამ.

არის კიდევ ერთი სფერო, რომლითაც დღეს მრავალი ადამიანი უნებლიედ გამალებით მიექანება შავი მაგიის უფსკრულში და ეს არის სექსუალური ტანტრას პრაქტიკების სფერო.

რადგანაც ტანტრა, ისევე როგორც შავი მაგიის სხვა ფორმები, ჭკვიანურად იქნა თეთრად შეღებილი მისი წამყვანი მომხრეების მიერ, ბევრ გულუბრყვილო დასავლელ ადამიანს ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ სექსუალური ტანტრა არის განუყოფელი ნაწილი ძველი აღმოსავლეთის ისეთი რელიგიებისა, როგორიცაა ინდუიზმი. ასეთი ადამიანები ხშირად ძალიან გაკვირვებულები რჩებიან, როდესაც იგებენ, რომ სექსუალურ ტანტრას ზიზღითა და სიძულვილით უყურებს ინდუსების უდიდესი ნაწილი და, რომ ის არანაირად არ არის ამ კეთილშობილური რელიგიის წარმომადგენელი.


მაგალითად, ჩვეულებრივი ნიუ ეიჯერი, რომელიც აცხადებს, რომ დაინტერესებულია ტანტრით, ეჭვგარაშეა შიშისგან უკან გადავარდებოდა, რომ სცოდნოდა ან, რომ შეჯახებოდა იმას, რასაც წარმოადგენს რეალურად ზოგიერთი ტანტრისტული პრაქტიკა. ინდუიზმის, როგორც ერთიანობის უკიდურესი დაუინტერესებლობა ტანტრიზმისადმი გამოხატულია იმ ფაქტითაც, რომ ის არ მოიპოვება ექვსი დარშანას, ანუ ინდუისტური ფილოსოფიის ექვსი მიმართულების ჩამონათვალში.

ბლავატსკაია მხოლოდ იმეორებდა ყველა დროის დიდი სულიერი მასწავლებლების შეხედულებას, როდესაც ასწავლიდა, რომ ფიზიკური სხეულის ეგრედ წოდებული „სულიერი“ გამოყენება, ან უფრო ზუსტად, ფიზიკური სხეულის გამოყენება, როგორც მეტაფიზიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტისა - მიეკუთვნება ცალსახად შავ მაგიას. თეთრი მაგები, ანუ მარჯვენა ხელის გზის ადეპტები, ფიზიკური სხეულის გამოყენებას მართებულად განიხილავენ, როგორც სრულიად არამნიშვნელოვანს, რადგან მათ იციან, რომ ფიზიკური სხეული სხვა არაფერია თუ არა გარე მატერიალური გარსი.

ნამდვილი აღმოსავლური ეზოთერიკა ამტკიცებს, რომ რეპროდუქციული სისტემის ყველა ნაწილს აქვს პირდაპირი სულიერი კავშირი მათ კოსმიურ პროტოტიპებთან და ამდენად აქ ფიზიკურ პლანზე მძლავრ ობიექტებს წარმოადგენენ შავი მაგიისთვის, ამიტომაც მიიჩნევიან არაწმინდებად.

კიდევ რომ დავაზუსტოთ: არაფერი ცუდი არაა ორი ადამიანის სქესობრივი ერთიანობისკენ მისწრაფებაში, მაგრამ როდესაც ეს განხორციელებულია სექსუალური ძალებისა თუ ფლუიდების „სულიერი“ მიზნებისათვის გამოყენების მიზნით, მაშინ ეს იქცევა წმინდად შავ მაგიად.

ამგვარი ტიპის პრაქტიკა, ბლავატსკაიას მიხედვით არის: „ყველაზე საშინელი კარმული ცოდვა“. ნებისმიერი სახის „სექსუალური მაგია“ ავტომატურად შავი მაგიაა.

ახლა მკითხველს, რომელიც გავიდა ამ სტატიის ბოლოში, შეიძლება ჩამოუყალიბდეს შეხედულება, რომ ჩვენ უბრალოდ სულიერების სფეროში სიამოვნების ჩამაშხამებლები ვართ. მაგრამ საქმე რეალურად ასე არ არის. ეს სტატია დაიწერა კაცობრიობისადმი გულწრფელი და გულითადი დამოკიდებულებიდან. რადგანაც სურვილების, პირადი ამბიციების, ეგოიზმისა და სხეულებრივი სიამოვნების ფესვები ღრმად არის გადგმული, არარეალისტური იქნება იმისი მოლოდინი, რომ ბევრი ადამიანი ნამდვილად ყურადღებით მოეკიდება ან თუმდაც უბრალოდ გაიაზრებს მაინც იმას, რაც აქ ვილაპარაკეთ. მაგრამ ამის წაკითხვის შედეგად თუ ერთი სული მაინც გადაურჩება უნებლიედ შავი მაგიის მიყოლას, კმაყოფილნი ვიქნებით და ჩვენს ძალისხმევას გამართლებულად მივიჩნევთ.


თარგმნის წყარო:
https://blavatskytheosophy.com/the-whitewas...of-black-magic/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 10 2020, 01:31 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თეოსოფისტების გაერთიანებული ლოჟა

ყველაფერი ილუზიაა - მაგრამ როგორ?


მადამ ბლავატსკაია ხშირად ამბობდა, რომ სამყარო და ყველაფერი მასში უბრალოდ ილუზიაა.

მაგრამ ამბობდა კი ის ამას იმავე გაგებით, რა გაგებითაც - თანამედროვე „ილუზიონისტები“, როგორებიც არიან მაგალითად „სასწაულების კურსის“ მიმდევრები (“A Course in Miracles”), რომლებიც ყოველთვის იმეორებენ, რომ „ყველაფერი ილუზიაა“?

არა, ბლავატსკაია ამ სიტყვებში ძალიან განსხვავებულ რამეს გულისხმობდა იმასთან შედარებით, რასაც გულისხმობენ „სასწაულების კურსის“ მიმდევრები და სხვა მსგავსი შეხედულებების ადამიანები. მიზეზი იმისა, თუ რატომ არის თეოსოფიის სწავლებაში სამყარო და ყველაფერი მასში შემავალი აღწერილი, როგორც „მაია“ - ილუზია, არის მისი არამუდმივობა, სასრული ბუნება, ცვალებადობა და წარმავლობა საბოლოვო ჯამში. უდავო ფაქტია, რომ ჩვენს გარშემო ამჟამად ყველაფერი ობიექტურად არსებობს, მაგრამ ასევე უდავოა ისიც, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო, ყველაფერი გამოვლენილი, სასრულია და არამუდმივი.

თეოსოფია ამბობს, რომ მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილად რეალურად, რაც არის უსასრულო, მუდმივი, უცვლელი და მარადიული და ეს არის ბრაჰმანი, რომელზეც ლაპარაკობენ ინდუისტური წმინდა წერილები. გამოვლენილ სამყაროს აქვს სასრული სასიცოცხლო ციკლი... მას ჰქონდა დასაწყისი და ექნება დასასრულიც... დროის განთიადი და დროის დასასრული. შემდეგ ის კვლავ წარმოიშობა ახლიდან, ისევ არსებობს და ისევ უჩინარდება. სამყაროს ციკლური წარმოშობა და გაუჩინარება არის უსასრულო პროცესი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო და ფიზიკური, მატერიალური რეალობა ამჟამად არსებობს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მისი უკიდურესად წარმავალი და ეფემერული ბუნება და არ უნდა დავივიწყოთ ნამდვილი რეალობა, უსასრული ბრაჰმანი, და ვიცოდეთ, რომ ეს არის ის, ვინც და რაც ვართ ჩვენ არსობრივად ჩვენი ნამდვილ იდენტობით.

რომ შევაჯამოთ: თეოსოფიის სწავლების მიხედვით, სამყარო და ყველაფერი მასში ილუზიაა მაგრამ არა იმ გაგებით, რომ არის არარსებული, არამედ იმ გაგებით, რომ არის დროებითი, არამუდმივი, სასრული, მუდმივად ცვალებადი, წარმავალი გამოვლინება, - შედარებით უცვლელ და მარადიულ ღვთაებრივ პრინციპთან.

„ინდუისტურ ფილოსოფიაში მხოლოდ იმას ეწოდება რეალობა, რაც არის უცვლელი და მარადიული; ყველაფერი რაც ექვემდებარება ცვლილებას ლპობისა და დანაწევრების გზით და ამიტომაც, რასაც აქვს დასაწყისი და დასასრული - მიიჩნევა მაიად - ილუზიად“. (ბლავატსკაია „თეოსოფისტური ლექსიკონი“. H.P. Blavatsky, “The Theosophical Glossary,”)

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც დანაწევრებულია [დიფერენცირებული] არის მაია. ეს არის ის, რასაც წარმოადგენს მაია. დაცალკევება არის მაია და მაია არის დაცალკევება. ყველაფერი რაც დაცალკევებულია მაიაა, ყველაფერი რაც გამოვლენილია მაიაა, ყველაფერი რაც განპირობებულია მაიაა. მხოლოდ ბრაჰმანი არის რეალობა, სხვა ყველაფერი არის მაია, სხვა ყველაფერი ილუზიაა. „საიდუმლო დოქტრინას დიალოგებში“ (“The Secret Doctrine Dialogues”) ამას ეწოდება „მანიფესტაციის ილუზორულობა“ და ნათქვამია, რომ „არსებობის ამ პლანზე ყველაფერი ილუზიაა“.

ბუდას ერთ-ერთი ცენტრალური სწავლება იყო ის, რომ „ნაწილებისგან შედგენილი ყველა ფენომენი არამუდმივია“. ამ უდავო ჭეშმარიტების შედეგად თვით ჯაგატი, ჯივა და იშვარაც კი (სამყარო, ინდივიდუალური სამშვინველი და ლოგოსი) ადვაიტა ვედანტაში მიიჩნევა მაიურად და ილუზორულად.

ამდენად ეს არის ის, რასაც გულისხმობს ბლავატსკაია, როდესაც ამბობს, რომ ყველაფერი ილუზიაა და მაია. ამას აქვს აზრი, ეს ლოგიკურია და გონივრული. მაგრამ, რაც შეიძლება ვთქვათ „სასწაულების კურსის“ მიმდევრებთან საუბრებიდან, არის შემდეგი: მათ დაჟინებული აქვთ, რომ სამყარო ამჟამადაც არ არსებობს ობიექტურად და არის მხოლოდ ჩვენი უმეცარი გონების მიერ შექმნილი ილუზია! ისინი ამბობენ, რომ როგორც კი ერთი ადამიანი სრულიად ჩაწვდება და გაიგებს ყველაფრის ილუზორულ ბუნებას, მაშინ სამყარო მყისიერად გაქრება, რადგან ის არის მხოლოდ ჩვენი უმეცრების ილუზორული პროექცია. „როდესაც ერთი გაიგებს ამას, მაშინ ყველა გაიგებს“ - ამტკიცებენ ისინი. „სასწაულების კურსის“ სწავლება [ისევე როგორც ის სწავლებები, რომლებიც ამბობენ, რომ ობიექტური რეალობა საერთოდ არ არსებობს] არის ჰიპერიდეალისტური, არაფილოსოფიური და თითქმის ყველა მხრივ სრულიად საწინააღდეგო თეოსოფიისა და ყველა ძველი სიბრძნისა.


თარგმნის წყარო:
https://blavatskytheosophy.com/its-all-illusion-but-how/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 21st January 2022 - 11:34 PM